ხუთიდან ორ ოჯახს საახალწლო სუფრის გასაწყობად მთელი წლის მანძილზე დანაზოგის გაკეთება უწევს – „მეთოდო“

ხუთიდან ორ ოჯახს საახალწლო სუფრის გასაწყობად მთელი წლის მანძილზე დანაზოგის გაკეთება უწევს – „მეთოდო“
ხუთიდან ორ ოჯახს საახალწლო სუფრის გასაწყობად მთელი წლის მანძილზე დანაზოგის გაკეთება უწევს, – ინფორმაციას კვლევითი კომპანია „მეთოდო“ აქვეყნებს.
„ახალი წელი ახლოვდება და სუფრაც თავისას ითხოვს. საახალწლო სუფრა მხოლოდ გემოების არჩევა არ არის და ის ხშირად იწყება კითხვით: გვეყოფა თუ არა ბიუჯეტი? სანამ კერძები სუფრაზე აღმოჩნდება, ბევრს უწევს ფიქრი ფინანსურ მხარეზეც. ის რასაც ქართველები საახალწლო სუფრაზე ვდებთ და სტუმრად მისულები გემრიელად ვეახლებით, ყოველი ხუთი ოჯახიდან ორში ფინანსური დანაზოგის შედეგია (43%), მათში უმეტესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები არიან, რაც ცხადჰყოფს, რომ საახალწლო სუფრა ბევრისთვის წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ გადაწყვეტილებას უკავშირდება.
ეს პასუხები ნათლად აჩვენებს, რომ ახალი წელი არა მხოლოდ ემოციური, არამედ ფინანსური მოვლენაცაა, სადაც ტრადიციასა და შესაძლებლობებს შორის ბალანსის პოვნა სულ უფრო რთული ხდება“, – წერია მიმოხილვაში.
კითხვაზე – სად ვხვდებით 2026 წელს სახლში, ნაცნობ კედლებში და ოჯახურ ატმოსფეროში თუ გარეთ, მეგობრებთან და სხვა გარემოში? 78% პასუხობს რომ „ჯერ სახლში და მერე ვნახოთ…“.
„შედარებით მცირე ნაწილი, მხოლოდ 8% აცხადებს, რომ ახალი წლის აღნიშვნას სახლში, ოჯახურ გარემოში გეგმავს და საღამოს გაგრძელებას აღარ ფიქრობს სხვაგან. საერთო სურათი კი ერთ რამეზე მიანიშნებს: ქართველებისთვის ახალი წელი ყველაზე საოჯახო დღესასწაულია, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, სად გაგრძელდება ღამე, უმრავლესობა ახალ 2026 წელს მაინც ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება“, – წერია მიმოხილვაში.