ხსნა ორისთვის: როგორ დაეხმარება ,,ბარსელონასა’’ და Nike-ს შორის რეკორდული გარიგება ორივე მხარეს

საფეხბურთო კლუბმა ,,ბარსელონამ’’ როგორც ჩანს, Nike-თან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწია. მედიის ინფორმაციით, კლუბსა და კომპანიას შორის ახალი გარიგების დეტალები ოფიციალურად მალე გახდება ცნობილი. Forbes Sport-ის ინფორმაციით, ეს იქნება ისტორიული შეთანხმება, რადგან ამდენი ჯერ არავის გადაუხდია.
საფეხბურთო კლუბ ,,ბარსელონას’’ რთული პერიოდი აქვს. კლუბი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და უზარმაზარი ზარალის დასაფარად იძულებულია მუდმივად ეძებოს შემოსავლის ახალი წყაროები. კლუბი ,,ბარსელონა’’ Nike-თან 1998 წლიდან თანამშრომლობს, 2016 წელს კი მხარეებმა ხელშეკრულება 2028 წლამდე გააგრძელეს. იმ დროისთვის ეს იყო რეკორდული გარიგება. შეთანხმების თანახმად, ,,ბარსელონა’’ სეზონში დაახლოებით 105 მილიონ ევროს იღებდა. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებდა ბონუსებს ლა ლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილი იყო პროდუქტის ხარისხით. ,,ბარსელონას’’ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ამერიკელმა მწარმოებელმა ყველა შეთანხმებული პირობა არ შეასრულა. მან Nike ხელშეკრულებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. რის გამოც, კლუბმა ყველა დანაკარგისთვის 45 დღის განმავლობაში კომპენსაციის გადახდა მოითხოვა. რაზეც Nike-მ უარი განაცხადა. კლუბმა კი კონტრაქტის გაწყვეტის პროცედურა დაიწყო. ამ პერიოდში გამოჩნდა სხვა დაინტერესებული მხარეც. Diario Sport-ი იტყობინებოდა, რომ Puma მზად იყო კლუბისთვის სეზონში 200 მილიონი ევრო და ბინუსები გადაეხადა.
კლუბსა და Nike-ს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე სასამართლომ იმსჯელა. მოსამართლემ ივლისში დაადგინა, რომ კლუბის ქმედებები უკანონო იყო, რადგან გარიგების პირობების თანახმად, ,,ბარსელონას’’ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ორი წლით ადრე უნდა განეცხადებინა. განაჩენის თანახმად, ბარსამ გარიგების პირობები 2028 წლამდე უნდა შეასრულოს ან საჭირო კომპენსაცია გადაიხადოს. კომპენსაციის ოდენობა არ სახელდება, თუმცა კლუბს ახლა ფული არ აქვს.
გასათვალისწინებელია Nike-ის პოზიციაც, რომელიც ბარსელონასთან ურთიერთობის შეწყვეტით დაინტერესებული არ იყო. ამიტომ, კომპანიამ წლის დასაწყისიდან ხელშეკრულების გადახედვაზე მუშაობა დაიწყო. უეფას ანგარიშის მიხედვით, კატალონიური კლუბი კონკურენტებს ბევრად უსწრებს საქონლის გაყიდვით: 2023 წელს გუნდმა საქონლის გაყიდვიდან 179 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს 24 მილიონი ევროთი მეტია მადრიდის “რეალზე”.
აპრილში ესპანური გამოცემა Marca, თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ Nike კლუბის სასარგებლოდ ხელშეკრულების პირობების გადახედვას დათანხმდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები შეძლებდნენ ისტორიული გარიგების დადებას, რომლის ღირებულებაც 1,3 მილიარდი ევრო იქნებოდა. ბარსელონა წელიწადში 120 მილიონი ევროს მიღებას შეძლებდა. ბონუსის სახით კი კლუბი დამატებით 100 მილიონ ევროს მიიღებდა. სხვა დამატებითი ბონუსებით, ,,ბარსელონას’’ შეეძლო წელიწადში 190 მილიონი ევროს გამომუშავება.
ბოლო ინფორმაციით, ლაპორტამ შეძლო ,,ბარსელონასთვის’’ კიდევ უფრო მოგებიანი შეთანხმების მიღწევა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 1,4 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. შეთანხმება ორ სცენარს ითვალისწინებს:
· ბარსელონა ყოველწლიურად მიიღებს 140 მილიონ ევროს;
· ან კლუბი ჯერ 150 მილიონი ევროს პრემიას მიიღებს, შემდეგ კი 125 მილიონ ევროს.
სწორედ ამ საკითხის გამო იგვიანებს ხელშეკრულების ხელმოწერა. შეთანხმება, სავარაუდოდ 19 ოქტომბრამდე გაფორმდება, როდესაც დირექტორთა საბჭო შეიკრიბება. ორივე სცენარით, Nike-სა და ბარსელონას შორის ახალი გარიგება ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება. რაც ამერიკული კომპანიის ამჟამინდელი პოლიტიკის ფონზე აღსანიშნავია. Nike ბოლო წლებში ფულის დაზოგვას ცდილობს. შესაძლოა, კონტრაქტი ირიბად უკავშირდება იმ ფაქტს, რომ Nike თანამშრომლობას შეწყვეტს ,,ლივერპულთან”.

ასევე დაგაინტერესებთ