ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000 ლარით დააჯარიმა პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა.
პარტია „დროას“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) ლიდერის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყეს 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების დღეს, პოლიციელებთან კომუნიკაციის გამო.
„თქვენ ხართ ბიძინას მონები, ბიძინას [ივანიშვილი] ჩმორები… გიო [მიმართავდა ს], მოვიდნენ მონები! მოვიდნენ მონები! მოდით, მონებო!..“ – თქვა ელენე ხოშტარიამ გიორგი ვაშაძის დასაკავებლად მისული პოლიციელების დანახვის დროს.
24 ივნისს გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო. განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.
გიორგი ვაშაძის გარდა, მსგავსი ბრალდებით პატიმრობაში კიდევ შვიდი პოლიტიკოსია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ