დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლებულმა ელენე ხოშტარიამ “ფორმულას” ეთერში პოლიციის განყოფილებაში მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ისაუბრა.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ეს არის მიზანმიმართული ძალადობა, რომელიც არ დარჩება გამოუკვლევლად. მისი თქმით, პოლიცია საჯარო სივრცეში პროტესტს ვერ ერევა, ამიტომ იზოლირებულ გარემოში ძალადობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.
“ეს იყო აშკარა ძალადობა. თავიდანვე ვთქვი, პოსტშიც აღვნიშნე, თუ არ ვცდები, რომ აქ ჩემი პერსონა არ არის მნიშვნელოვანი – თავად მოვლენა არის არსებითი. როგორ ბედავენ, რომ ასე მოეპყრონ ვინმეს, მათ შორის ისეთ ადამიანს, რომელიც ზუსტად იციან, რომ ყველაფერს საჯაროდ იტყვის? ისიც იცოდნენ, რომ ამას უპასუხოდ არ დავტოვებდი – ადგილზე, სადაც ეს მოხდა, მაშინვე მიიღეს პასუხი.
თუ ჩემს შემთხვევაში ასე იქცევიან, წარმოდგენაც არ მინდა, რამდენ ადამიანს ექცევიან ანალოგიურად და რა მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე. მსგავსი ისტორიები მე რუსეთიდან და ბელარუსიდან მესმოდა.
მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ვამხილოთ ასეთი ქმედებები და კონკრეტული ადამიანები, ვინც ამას სჩადიან. სწორედ ამიტომ, ამას არ დავთმობთ და გამოვააშკარავებთ ყველაფერს.
ეს იყო პოლიციის განყოფილებაში ძალადობის პირველი ეპიზოდი – ე.წ. “შუშებიანი” შენობა. მეორე ეპიზოდი კი უკვე აქ, მოსვლისთანავე მოხდა. სამი ადამიანი – ორი პოლიციელი და ერთი ბადრაგის წარმომადგენელი – განზრახ, დამამცირებლად და აგრესიულად მოიქცნენ. მათი მხრიდან იყო ხაზგასმითი ძალადობა, მათ შორის სხეულის გაშიშვლების იძულებითი პროცედურა.
ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ქუჩაში, რუსთაველზე, ღიად ვერ ერევიან ხალხს, მაგრამ როგორც კი ვინმეს იზოლირებულ სივრცეში მოიმწყვდევენ, მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ. რა თქმა უნდა, ამას არ დავთმობთ – გამოვააშკარავებთ და აქტიურად დავუპირისპირდებით”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
