ხოშტარია: პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტად

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც ამ ეტაპზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს, სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ შიმშილობა მისი ბრძოლის ფორმა და განაცხადია.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გადამწყვეტად მიაჩნია, რადგან სანამ “ქართული ოცნება” ოპოზიციას უტევს, ოპოზიციონერების ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზე ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე.
ჩემი შიმშოლობა არის განაცხადი:
1. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ მე ასე დავაფიქსირე
2. სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:
– ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო
– ეწ ს დელეგიტიმაცია
– პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა
– პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით
პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან სანამ ოცნება შეტევაზეა ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.
პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა – არანაირი მოგონილი არჩევნები
მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.
შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.
ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს. ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა”, – დაწერა ელენე ხოშტარიამ.
მანამდე ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ მეტრეველს უთხრა, რომ შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტდა, თუ ოპოზიცია შეთანხმდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის – ანუ არ მიიღებს მონაწილეობას.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს დაიწყო, პარლამენტის წინ.
ახლა, როდესაც რეჟიმი ახალ შეტევაზე გადმოვიდა და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი დაიჭირა, მე მინდა ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო. ეს არ არის ემოციური ფორმა. ეს გამარჯვებაზე ორიენტირებული პროტესტია, მე ვიწყებ შიმშილობას აქ, არ მოვიცვლი ფეხს რუსთაველიდან. ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული, სასოწარკვეთილი ნაბიჯი, ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებაა.
თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. ეს არის ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”, – თქვა ხოშტარიამ.