ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით გაიზარდა – მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია (bm.ge)

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, საქართველოში ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 5 თეთრით არის გაზრდილი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.
ბენიაიძის თქმით, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ფერმერები ხორბალს 65 თეთრად აბარებდნენ, წელს ფასი დაახლოებით 70 თეთრს შეადგენს.
„ფერმერებმა მარცვლეულის დაახლოებით 20% უკვე ჩააბარეს. მოსავლის ნაწილი პირდაპირ აღების პერიოდში რეალიზდა, ხოლო დარჩენილი მოცულობის ჩაბარება ეტაპობრივად გრძელდება“, – აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.
ნიკოლოზ ბენიაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთმა, რომელიც ქართული ბაზრის ერთ-ერთი მომწოდებელია, ტრანსპორტირების სუბსიდირების ვადა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფასად შემოვა ყაზახური ხორბალი.

ასევე დაგაინტერესებთ