ომი აცარიელებს როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ხაზინას. კიდევ უფრო გაუგებარია მისი გავლენა მსოფლიოს მარცვლეულის, კერძოდ ხორბლის ბაზარზე. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ხორბლის ფასები ახლა ხელოვნურად დაბალია და შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაიზარდოს, – ამის შესახებ Forbes წერს.
ომის ორივე მხარე, რომელიც ხორბლის საექსპორტო ბაზრის აქტიური მოთამაშეები არიან, ახლა თვითღირებულებაზე დაბალ ფასებში ყიდიან ხორბალს.
ომის დაწყებისას, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ხორბლის ექსპორტმა რუსეთიდან და უკრაინიდან ბაზრის 29% შეადგინა. ეს წილი ახლა 14.3%-მდე დაეცა, World’s Top Exports-ის ვებსაიტის მიხედვით. მაგრამ ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ხორბლის დაბალი ფასი ფერმერების გაკოტრებას გამოიწვევს.
თუმცა, ამინდმა შეიძლება გავლენა მოახდინოს. პირველი, მაისის პირველ ორ კვირაში სავარაუდოდ გვიანი ყინვა იქნება. ამან შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოსავლიანობას ხორბლის მიწოდების შემცირებით. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ სამხრეთ რუსეთის რეგიონში, შავი ზღვის მახლობლად მოსალოდნელია მშრალი ამინდი და შეიძლება გაუარესდეს კიდეც.
Trading Economics-ის თანახმად, ხორბალი ცოტა ხნის წინ ბუშელზე $5,62 ივაჭრებოდა. გასულ ივლისს ეს მაჩვენებელი $7,57 იყო.
„თუკი აშშ ან რუსეთი არასასურველი ამინდით დაზარალდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხორბლის ფასი, რამდენიმეთვიანი კლების შემდეგ, ზრდას დაიწყებს. რა თქმა უნდა, ამინდის პროგნოზირება რთულია, ამიტომ ინვესტორები მზად უნდა იყვნენ ტაქტიკის შესაცვლელად“, – ნათქვამია სტატიაში.