ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო – იუნესკოს ეს გადაწყვეტილებაზე

იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს – ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, იუნესკოს მთავრობათაშორისი კომიტეტის ისტორიული გადაწყვეტილება, ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანოს, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, „რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული“.
პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
„დღეს საქართველოსთვის გამორჩეული და საამაყო დღეა. ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული – საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.
საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პრემიერმა.