„ხომ გაიგე, ცოტნე?!“ – ვინ არის მოსამართლე, ვინც ამაღლობელის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო და რა აკავშირებს ცოტნე ანანიძესთან

ფოტოკოლაჟი – რადიო თავისუფლება
რადიო თავისუფლების ცნობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უკვე მეორედ თქვა უარი „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გადახედვაზე და ადვოკატების საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
დასაბუთება ჯერ საჯარო არ არის და, სასამართლოს თანახმად, 20 თებერვალს იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
ამრიგად, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება – მზია ამაღლობელს, რომელსაც პოლიციელისთვის „სილის გაწვნის“ გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული – ძალაში დარჩა.
ვინ არის მოსამართლე ვერა დოლიძე
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 54 წლის ვერა დოლიძე 2012 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
მანამდე, 2009-12 წლებში – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს – იგი ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
სასამართლო სისტემაში ის 2001 წლიდანაა, ხოლო 1994–2001 წლებში პროკურატურაში მუშაობდა.
მოსამართლე ვერა დოლიძემ 2011 წლის 20 ივნისს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა ცოტნე ანანიძეს, მაშინ მაგისტრატურის 23 წლის სტუდენტს.
ანანიძე, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქციაზე იმყოფებოდა, ამჟამად „ქართული ოცნების“ წევრია, „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებული აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
პროკურორი მაშინ აცხადებდა, რომ ანანიძემ სხვებთან ერთად „სცადა [აჭარის] ტელევიზიის ხელში ჩაგდება, რადგან განზრახული ჰქონდათ ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლა“.
მზია ამაღლობელის დაფუძნებული გამოცემის, „ბათუმელების“ არქივის თანახმად, მოსამართლე დოლიძემ ცოტნე ანანიძეს ბრალად წაყენებული მუხლების გამოცხადების შემდეგ მიმართა: „ხომ გაიგე, ცოტნე?!“