ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის, თამარ ცხვიტარიასა და მისი მოადგილის, პაატა ჩაგანავას გადაყენებას ფრაქციის თავმჯდომარის კიდევ ერთი მოადგილე, დათო ხომერიკი გამოეხმაურა. მისი თქმით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფრაქციის სახელით ენმ-ს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომასთან დაკავშირებული განცხადება გავრცელდა.
“ორი წელია ეს ქალბატონი არის ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ერთი დღითაც ვერ მოიცალა ფრაქციაში მუშაობისათვის. თქვენთვის ცნობილია მისი არაერთი არაკორექტული გამონათქვამი, მაგრამ ჩვენ ხმა არ ამოგვიღია, ორი წელია ვითვალისწინებთ ამ ქალბატონს.
მას შემდეგ, რაც მან განცხადება გააკეთა ფრაქციის სახელით, ფრაქციის უმრავლესობასთან შეუთანხმებლად, მივწერეთ მას, ჩავნიშნეთ ფრაქციის სხდომა. ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყო, რათა გვესაუბრა ამ თემებზე, თუმცა, აქაც იგნორი მივიღე ყველანაირი. შეიკრიბა ფრაქცია და ხმათა უმრავლესობით განხორციელდა ის ცვლილებები, რომლებიც თქვენთვის არის ცნობილი უკვე”. – თქვა ხომერიკმა.
ფოთის საკრებულოს ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პაატა ჩაგანავას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზებზეცისაუბრა.
“ბატონ პაატასთან დაკავშირებითაც შემიძლია იგივე ვთქვა. სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის ვერ ახერხებდა ფრაქციის სხდომებში მონაწილეობას, ვერც ფრაქციის მუშაობაში მონაწილეობას და მიზეზი იგივე იყო, რაც ქალბატონ დარეჯანთან მიმართებაში”. – თქვა ხომერიკმა.
ფოთის საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია და მისი მოადგილე, პაატა ჩაგანავა თანამდებობებიდან დღეს, 1 დეკემბერს მოხსნეს.