ხოლოში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ₾1.4 მლნ დაიხარჯება

ხულოში, ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებში 1.4 მლნ ლარი დაიხარჯება.
ტენდერი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოვლენილია, ანუ უკვე ცნობილია კომპანია, რომელმაც სამუშაოები 2025 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეასრულოს.
ესაა 2000 წელს დარეგისტრირებული შპს იბერია-ჯ, რომელიც ჯამბულ თავართქილაძეს ეკუთვნის და დირექტორიც თავადაა. კომპანიას 16.6 მლნ ლარის 32 მოგებული ტენდერი აქვს. ასევე 15 გამარტივებული შესყიდვა, რაშიც 10.4 მლნ ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება საცხენოსნო ინფრასტრუქტურის განვითარების შესყიდვას, დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოეწყოს ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის და კომუნალური სისტემის არეალები.
“დღეისათვის კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ცხენი და საშუალოდ მათ რაოდენობა 100-150, მიუხედავად ამისა, ეს ამ დრომდე არ აღიმება სათავგადასავლო ტურიზმის და შემოსავლის წყაროდ.
გარდა ამისა, ინფრასტრუქტურისთვის საჭირო ტერიტორია ადგილობრივების მიერ არის შერჩეული, ამიტომ საჭიროა ექსპერტების (მათ შორის სერთიფიცირებული მოჯირითე) მიერ ადგილის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში გეოლოგიური კვლევა და არსებული გარემოსთვის ადაპტირებული საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რომელიც ამ სპორტის სახეობას დააკმაყოფილებს” – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.