“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) 26 ოქტომბრის არჩევნების ანგარიში და მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა წარადგინა.
ორგანიზაციის დირექტორი, ნინო დოლიძე ამბობს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ხმის ფარულობის დარღვევა იყო.
გარდა ამისა, დოლიძე საუბრობს დარღვევების სისტემურობასა და წინასწარგანზრახულობაზე. მისი თქმით, ყველა იმ დარღვევას, რომელიც კენჭისყრის დღეს გამოვლინდა კავშირი აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ პროცესებთან. რაც, თავისთავად, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთი, წინასწარ გაწერილი გეგმის ნაწილია.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებულ მნიშვნელოვან ცნობებს შორის ISFED-მა დაასახელა “ბათუმელების” მიერ მოპოვებული ფაილები, რაც ცხადყოფს, რომ “ქართული ოცნება” ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის პერსონალურ ინფორმაციას საარჩევნო მიზნებისთვის. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაციას მმართველმა პარტიამ ამომრჩეველთა დასაშინებლად, ან პირიქით, მათი მოსყიდვის, ან გადაბირებისთვის გამოიყენა.
“ჩვენი შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე და შესაბამისად, არჩევნები ვერ განიხილება, საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება”, – განაცხადა ნინო დოლიძემ.
ჯამში, 26 ოქტომბერს ISFED-მა 490 სხვადასხვა პრობლემური ინციდენტი აღწერა როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე. აქედან 323 გამოვლინდა უშუალოდ კენჭისყრის სივრცეში, 167 კი – საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე.
კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი ინციდენტებს შორისაა:
· ბიულეტენების ჩაყრა (2)
· მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12)
· დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება (30)
· მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76)
· ხმის ფარულობის დარღვევა (76)
· გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22)
· ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17)
· სხვა დარღვევები (62)
· საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26)
საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილი ინციდენტებია:
· კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%)
· სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 – საარჩევნო უბნების 11%)
· ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 – საარჩევნო უბნების 19%)
· ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 – საარჩევნო უბნების 13%)
გამოვლენილი ინციდენტების ნაწილი ორგანიზაციის იურისტებმა დარღვევად მიიჩნიეს და გაასაჩივრეს. უფრო კონკრეტულად, საოლქო კომისიებში 214 ფაქტზე ჯამში 189 საჩივარი დაიწერა, საუბნო კომისიებში კი 104 საჩივარი და 64 შენიშვნა დააფიქსირეს. ISFED-მა ერთი საჩივარი გააგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.
წარდგენილ საჩივრებში ორგანიზაცია ითხოვს არაერთ საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას და შედეგების ხელახლა გადათვლას; გადასატანი ყუთის შედეგების ბათილად ცნობას – ISFED-ში აცხადებენ, რომ გადასატანი ყუთი ისე ბრუნდებოდა უბნებზე, რომ კომისიის წევრებს თან არ ჰქონდათ შესაბამისი ოდენობის ამომრჩეველთა ხელმოწერები.
გარდა ამისა, საჩივრები შეეხებოდა დამკვირვებლების დაუსაბუთებლად გაძევებას საარჩევნო უბნებიდან; ხმის ფარულობის დარღვევას, რაც გამოვლინდა როგორც ბიულეტენის მეორე მხარეს გადმოსული მარკერის კვალით, ისე საარჩევნო კაბინაში რამდენიმე ადამიანის ერთდროულად შესვლით და ბიულეტენზე ფოტოების გადაღებით; მარკირების პროცედურის დარღვევებს.
ამ ყველაფრის ერთობლიობა, “სამართლიან არჩევნებს” აფიქრებინებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკო-ს მიერ დათვლილი შედეგები, შესაძლოა, არ ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ ნებას.
