“ხმის ამოღება და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა“, – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე 30 ივლისს ჟენევაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებულ პარლამენტის თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაზე (IPU) სიტყვით გამოვიდა.
საკუთარი მოხსენების თითქმის ოთხი წუთი მან „უცხოურ ძალასა“ და „უცხოური ძალის“ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების „მავნე პრაქტიკაზე“ საუბარს დაუთმო.
მისი სიტყვებით, უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა, ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია, როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში:
„უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა. თუმცა ამ კონცეფციების, პრინციპებისა და პროცესების დეტალურ შესწავლას ძალიან არასასიამოვნო დასკვნამდე მივყავართ: უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით, დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას – მმართველობა ხალხის მიერ შეიცვალა უცხოური მმართველობით.
ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება – ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიპულაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ხალხად“ იქცნენ“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის სპიკერების რიგით მეექვსე მსოფლიო კონფერენცია ჟენევაში 29-31 ივლისის იმართება. ღონისძიებაში პარლამენტების 100-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს. მათ შორისაა, ს დელეგაცია, რუსეთის პარლამენტის სპიკერის ს ხელმძღვანელობით.
რუსეთის დელეგაციის ჟენევაში ჩასვლას საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქტივისტებმა გაეროს შტაბ-ბინის წინ პლაკატები გაშალეს წარწერით „ომის დამნაშავეების ადგილი ევროპაში არაა“.
IPU საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს პარლამენტების საქმიანობას უწევს კოორდინაციას, ის 1889 წელს შეუქმნა, თავდაპირველად ქალაქ ბერნში, მოგვიანებით ოფისი ბრიუსელსა და ოსლოში, ხოლო 1921 წლიდან ჟენევაში გადაიტანეს.
2023 წლიდან IPU-ს ხელმძღვანელობს ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარე, ტულია ეგსონი. IPU-ს საქმიანობა მონაწილეთა შენატანებით ფინანსდება.
სესიებზე განიხილავენ გლობალური უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და ქალებისა და ახალგაზრდების უფლებების გაძლიერების საკითხებს. კონფერენცია დასკვნითი დეკლარაციის მიღებით დასრულდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ