ხმა შეიძლება გააბათილონ, თუ ბიულეტენს ექნება წარწერები ან გარკვეული სიმბოლოები – გვანცა ჟორჟოლიანი

„კომერსანტის“ დილის საავტორო რუბრიკაში იურისტმა, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა და ბიზნეს მრჩეველმა გვანცა ჟორჟოლიანმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
ჟორჟოლიანის თქმით, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხმის მიცემის წესები სრულყოფილად დავიცვათ.
,,პირველ რიგში, მინდა მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ წელს ს შედეგები ითვლება ელექტრონულად, ანუ, აუცილებელია, ბიულეტენის გაფერადება და არა შემოხაზვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმა გაბათილდება.
ხმა შეიძლება გააბათილონ იმ შემთხვევაშიც, თუ ბიულეტენს ექნება წარწერები, გარკვეული სიმბოლოები, რადგან აპარატი ითვალისწინებს მხოლოდ გაფერადებულ ნაწილს და შეიძლება სიმბოლიკა ჩათვალოს არჩევანად და შემდეგ ეს ბიულეტენი გააწითლოს, კომისიის განხილვის შედეგად კი შეიძლება ეს ბიულეტენი გაუქმდეს.
ამიტომ, მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ბიულეტენის გაფერადების, მასზე სიმბოლიკების და ტანისა და მინაწერების გაკეთებისგან“,- ამბობს გვანცა ჟორჟოლიანი.
რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე რეგისტრირებულ საარჩევნო მისამართზე მისვლას ვერ ახერხებს, მას არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 15 დღის ვადაში შეუძლია საჯარო რეესტრს მისამართის შეცვლის თხოვნით მიმართოს.
„როცა მოქალაქე ერთ მისამართზეა რეგისტრირებული და მეორე მისამართზე ცხოვრობს, ამ შემთხვევაში ორი არჩევანია:
პირველი, მივიდეს და იქ მისცეს ხმა, სადაც რეგისტრირებულია.
მეორე – თუ სხვა ქალაქში ფლობს უძრავ ქონებას, არჩევნებამდე 15 დღით ადრე მას შეუძლია რეგისტრაციის მისამართის შეცვლა.
5 დღეში იუსტიციის სახლი აცნობებს ს და თქვენ ახალ საარჩევნო უბანზე ჩაეწერებით. ასე შეუძლიათ მოიქცნენ ის მოქალაქეები, რომლებიც უძრავ ქონებას არ ფლობენ, თუმცა საცხოვრებელ ქალაქში ჩაწერის შესაძლებლობა აქვთ.
თუ ადამიანს გადაადგილების პრობლემა აქვს, აქაც ორი ვარიანტია – ან უნდა მივიდეს და წერილობით დააფიქსიროს პრობლემა, ან ელექტრონულად. წლევანდელ არჩევნებზე მოქალაქეებს პირველად აქვთ საშუალება ონლაინ დააფიქსირონ, რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკურად არ შეუძლიათ მისვლა.
ეს ეხება მხოლოდ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრაციის მისამართზე ვერ ახერხებენ მისვლას. თუმცა, ეს ვადები უკვე გასულია, რადგან საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეს 15 ოქტომბრამდე ჰქონდა უფლებამოსილება რომ დარეგისტრირებულიყო, როგორც გადასატანი ყუთით მოსარგებლე.
კანონი მაინცდამაინც არ განსაზღვრავს, რატომ გვჭირდება გადასატანი ყუთი, არის ეს ავადმყოფობის თუ ქმედითუუნარობის მიზეზი.
ერთი სიახლე რაც გვაქვს კიდევ ისაა, რომ თუ ადრე გადასატანი ყუთით მოსარგებლეებს არ უკეთდებოდათ მარკირება, წელს მათაც გაუკეთდებათ მარკირება.
გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანს დილის 9 საათზე ტოვებს და უკან მაქსიმუმ 7 საათზე ბრუნდება, რადგან უბნის გახსნისას და დაკეტვისას, საარჩევნო ყუთი ადგილზე უნდა იყოს. შესაბამისად, დილის 9-იდან საღამოს 7 საათამდე რომელ მონაკვეთში მივა საარჩევნო ყუთი ამომრჩეველთან, დაზუსტებით არავინ იცის“,- აღნიშნა იურისტმა.
ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა მოქალაქეების პრეტენზია, რომ მათ საცხოვრებელ მისამართზე უცხო პირები არიან რეგისტრირებული. ჟორჟოლიანის თქმით, ასეთი ფაქტი შესაძლოა, ტექნიკური პრობლემა იყოს.
საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში კი მოქალაქემ იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს.
ქრისტინა კვაჭანტირაძე