ხის სათამაშორბზე მოთხოვნა იზრდება – კომპანიები მიწოდებას ზრდიან

ქართული კომპანია TinyToys, რომელიც ბავშვთა განვითარებისთვის ხის სათამაშოებს აწარმოებს, ასორტიმენტს ზრდის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ეკა გოდერძიშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, უკვე არსებულ 100-მდე პროდუქტს აგვისტოს ბოლოს, 3 ტიპის სათამაშო დაემატება.
ეკა გოდერძიშვილის ინფორმაციით, პროდუქციის ხაზის განვითარება მომხმარებლების მოთხოვნას უკავშირდება. ახალი პროდუქცია მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებლების სეგმენტისთვის იქნება გათვლილი.
ამასთან, კომპანიის დამფუძნებელი უშუალოდ მომხმარებლების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მათი რაოდენობა 30%-ით გაზარდა.
“ბავშვებისთვის ხის სათამაშოებს, როგორც ადგილზე ვამზადებთ, ასევე გარკვეული პროდუქტი იმპორტირებული გვაქვს. პროდუქტის ასაკობრივი ზღვარი 6 თვიდან იწყება და 8 წლამდე ბავშვებს მოიცავს. მომხმარებლების დიდი წილი – 95%-ი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო 5%-ი უცხოელი მომხმარებლები არიან. ადგილობრივი მოსახლეობიდან ძირითადად, თბილისი, ქუთაისი, ლიდერობს, ასევე დაკვეთებს სოფლებიდანაც ვიღებთ. უცხოელებს რაც შეეხება, რამდენჯერმე პროდუქტი გავაგზავნეთ,” – აცხადებს ეკა გოდერძიშვილი და ამატებს, რომ მისი მყიდველების 80% ფიზიკური პირია, 20% კი იურიდიულ პირებზე მოდის.
კომპანიის მიზანია 2026 წელს ბრენდული მაღაზია, ან სტენდი გახსნას, თუმცა ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ვერ აჟღერებს, რადგან პროექტი იდეის დონეზეა.