ხილის დეფიციტი გვაქვს. გვინდოდა პროდუქცია 20-30%-ით გაგვეზარდა, მაგრამ ვეღარ შევძელით – „კულა“

საკონსერვო წარმოება “კულა” ქვეყანაში ტყემლისა და ბლის დეფიციტის მიუხედავად, იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ვანო გოგლიძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხილი, ხშირ შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე დაუმწიფებელი ჩადის, გემოვნურ, შაქრიან თვისებებს კარგავს და საწარმოო პროცესში არ გამოდგება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ადგილობრივ ბაზარს იმპორტით, მხოლოდ და მხოლოდ, გამოუვალ სიტუაციაში ჩაანაცვლებს. რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, მისი თქმით, დეფიციტური ხილის ერთი ნაწილი საკუთარი ბაღებიდან შეავსო, მეორე ნაწილში კი,ადგილობრივ ბაზარზე 20-30%-ით მეტი თანხა გადაიხადა.
“როგორც ყველა მწარმოებელ კომპანიას, ხილის დეფიციტი ჩვენც გვაქვს. განა არ ვიცით, საიდან შეიძლება, ნედლეული შევიძინოთ?! თუმცა ფასმა ძალიან მოიმატა. წარმოება, რომ გადაგვერჩინა – ხილში მეტი გადავიხადეთ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარმოებაზეც აისახა, კერძოდ, გვინდოდა პროდუქცია 20-30%-ით გაგვეზარდა, მაგრამ ვეღარ შევძელით. განსაკუთრებით მინდა ბალი აღვნიშნო – უაღრესად ძვირი ღირდა, მაგრამ მხოლოდ ფასი არ გახლდათ პრობლემა, ფიზიკურადაც არ იყო. მოგეხსენებათ, ყინვამ ხილი დააზიანა – ბალი ფაქტობრივად ვერ ვიყიდეთ. რაც შეეხება ატამს, ნორმალური სიტუაციაა, ამ მიმართულებით პრობლემა ჩვენ არ შეგვქმნია. კახეთში ატმის დეფიციტი არ არის. პრობლემური საკითხი იყოს ასევე ტყემალი – რაოდენობაში იყო, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა. ჯონჯოლის დეფიციტიც გვქონდა. რაც შეეხება პროდუქციას, მთლიანად საქართველოდ ვყიდულობთ. ბალს და ტყემალს კახეთიდან, შიდა ქართლიდან და იმერეთიდან ვიძენთ. ბალი კახეთში უფრო იყო, ქვემო ქართლში და იმერეთში გაიყინა.
როგორც გითხარით, ძირითადად, ბლის და ტყემლის დეფიციტი გვქონდა. იმპორტის მიმართულებას, რაც შეეხება ტყემალი ქართული პროდუქტია და სხვა ქვეყნიდან თავისთავად ვერ შემოვიტანთ. რაც შეეხება ბალს და ზოგადად, ხილის იმპორტს – არ განვიხილავ! მაგალითად, თეთრი ბალი სხვა ქვეყნებში საერთოდ არ მოდის. პირველ რიგში, ჩემი ბაღები უნდა განვავითარო, თუ იმპორტს დავიწყებ გამოუვალი მდგომარეობა გვექნება, რადგან ცოცხალი ხილის იმპორტი მხოლოდ Fresh Market-ებზე მიდის, საწარმოო პროცესში ცოცხალი ხილის შემოტანა – დამღუპველია. უფრო კონკრეტულად, რომ აგიხსნათ: ნედლეული, როდესაც უცხოეთიდან მოდის, ფიზიკურად საწარმოო ხილს ვერ გამოგზავნიან, ხშირად დაუმწიფებელი ხილი მოდის, ზოგჯერ ნედლეული გზაში მწიფდება და შაქრიანობა, გემოვნური თვისებები, რაც ჩვენ გვჭირდება აღარ აქვს. შესაბამისად, იმპორტი საინტერესო არ არის. გინახავთ, ალბათ, მაგალითად, ბანანი როდესაც ქვეყანაში შემოდის ჯერ მწვანეა და შემდეგ მწიფდება… მსგავსი პროდუქცია არ მაწყობს, შესაბამისად, მირჩევნია, ადგილობრივი ნედლეული ვიყიდო და მეტი გადავიხადო”, – აღნიშნავს “კულას” დამფუძნებელი.
ვანო გოგლიძე “ბიზნესპარტნიორთან” მოსალოდნელ პრობლემატურ საკითხზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ნედლეულის დეფიციტის გამო, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ, რამდენიმე ობიექტზე პროდუქტის შეტანა შეაჩეროს.
მისივე თქმით, ექსპორტის მიმართულებით სურათი ურყევი დარჩება. კერძოდ, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ ხილის დეფიციტი საექსპორტო ჯაჭვს არ შეეხოს.
“რაც შეეხება გამოსავალს საკუთარი ბლის ბაღი გვქონდა და დანაკლისი დავაკორექტირეთ, ხოლო ნაწილი პროდუქციის წარმოება შევაჩერეთ, რაოდენობა ვერ ავითვისეთ. ამასთან, როგორც ბლის, ასევე ტყემლის მიმართულებით დამატებითი თანხის გადახდა მოგვიხდა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ადგილობრივ ბაზარზე რამდენიმე ობიექტზე პროდუქტის შეტანა შევაჩეროთ. ვგულისხმობ, მხოლოდ იქ დავრჩებით, ვინც “კარგი გადამხდელია”, ნორმალური ქსელი ვინცაა, თუმცა დამატებითი დეტალების თქმა, ამ ეტაპზე, არ მინდა.
ექსპორტს რაც შეეხება, არაფერი არ შეიცვლება. ამ ეტაპზე, ექსპორტი გავზარდეთ, კერძოდ, კორეა, ბანგლადეში, მალაიზია დავიმატეთ. ექსპორტის მიმართულება წინა წლის პერიოდთან შედარებით, მინიმუმ 5%-ით გაიზარდა. გაყიდვების მიმართულებას, რაც შეეხება, ცხადია, ხილის დეფიციტი კომპანიაზე ნეგატიურად აისახება. მარტივია, როდესაც პროდუქცია საკმარისად არ გაქვს, ვერც გაყიდი”, – აღნიშნავს ვანო გოგლიძე.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, 1 კილოგრამი ბალის ფასი 10-დან 20 ლარამდე მერყეობს. ამასთან, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია ატმის, გარგარის და სხვა სეზონური ხილის ფასებიც.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ყინვამ შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა და დააზიანა. განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იყო ხაშურის მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება საკონსერვო წარმოება “კულა”-ს, ის ნედლეულის 95%-ს ადგილობრივი ფერმერებისგან და გლეხებისგან იბარებს. კომპანია 2009 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით გამოირჩევა. ამჟამად “კულას” აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. კომპანიას თავისი პროდუქცია დაახლოებით, 30 ქვეყანაში გააქვს.
bp.ge