მშვიდობიანი გზით პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და მოქალაქეების სუვერენიტეტის უზრუნველყოფა – ესენია საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეის მემორანდუმის პრინციპები, რომლებიც ასამბლეის წევრებმა დღეს, თბილისის თეატრ-სახელოსნო 42-ის სცენიდან გააჟღერეს.
ყრილობას 400-მდე ადამიანი ესწრებოდა, აკადემიკოსები, ხელოვანები, აქტივისტები – ასევე რიგითი მოქალაქეები და პროტესტის მონაწილეები. ერთსაათიანი გამოსვლების განმავლობაში დამფუძნებლებმა ასამბლეის ქარტიის, მიზნებისა და სტრუქტურის შესახებ წაიკითხეს, საერთაშორისო საზოგადოებას მიმართეს და ასამბლეის დაფუძნება ხელის აწევით დაადასტურეს.
როგორ დავიბრუნოთ ქვეყანა მშვიდობიანად და რა იქნება შემდეგ?.. – ეს ორი კითხვაა, რომლებსაც საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეა სვამს და მიზნად ისახავს, მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობით მოძებნოს პასუხები.
დამფუძნებლები ამბობენ, რომ საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეა მოხალისეობრივი, თვითორგანიზებულია, და საზოგადოების დაკვეთას მოემსახურება – ჩამოაყალიბებს ყველა იმ საკითხს, რაც მოქალაქეებს აწუხებს და იმსჯელებს პრობლემების გადაწყვეტის ფორმებზე.
“ხიდებს ვაკეთებთ. მოდი, აქ შევგროვდეთ, რომ ცალ-ცალკე არ ვილაპარაკოთ და დავინახოთ ერთმანეთი”, – ამბობს ნანა ამისულაშვილი, ადვოკატი და ასამბლეის დამფუძნებელი. ის ამატებს, რომ მოძრაობა თვითნაბადი და მოხალისეობრივია, და არ აქვს პოლიტიკურ პარტიებთან კავშირი (ყრილობას პოლიტიკოსები არ ესწრებოდნენ), თუმცა სამომავლო მიზნებში პარტიებთან ურთიერთობაც შედის.
“ჩვენ არ ვწყვეტთ აქ არაფერს, ჩვენ ვაყალიბებთ სათქმელს და იმდენად ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააიგნოროს საზოგადოების ნება”.
ნანა ამისულაშვილი ხაზს უსვამს, რომ ასამბლეა პოლიტიკური მოძრაობა არ არის და არც კონკრეტული ჯგუფის ინტერესის გამტარია, არამედ ფორუმი და შეხვედრის ადგილია. საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 100-ზე მეტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება, არჩევნების მერე ყალიბდებოდა.
“…იყო სრული იმედგაცრუება და დეპრესია. მაგრამ ასამბლეის იდეაზე მალევე დავიწყეთ მუშაობა და ეს ძალიან დამეხმარა, რუსთაველი გახდა შეხვედრის და მსჯელობის ადგილი”.
პროფესიული მარშების შემდეგ, გუნდმა საიტი შექმნა და მარშების მონაწილეებს პროფესიული პეტიციების ატვირთვა შესთავაზა, ანუ, როგორც ნანა ამბობს, პროტესტი “გააციფრულა”. თავად ასამბლეის სტრუქტურა კი ბლოკჩეინის შთაგონებითაა შექმნილი, სადაც არ არსებობს ცენტრი და თითოეული ნაწილი საკუთარ ამოცანაზე მუშაობს.
საზოგადოებრივი ასამბლეა, მემორანდუმის მიხედვით, ეფუძნება 1917 წლის საქართველოს ეროვნულ ყრილობას და სტრუქტურულადაც მსგავსია. მაშინ ყრილობას ხმის მიმცემი 324 დელეგატი ჰყავდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან, და დღის წესრიგი სამი ნაწილისგან შედგებოდა: თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი, მოხსენება თავად-აზნაურთა ქონების შესახებ, და მიმდინარე კითხვები, რომლებიც შემდეგ დარგობრივად, ცხრა საკითხად დაიყო.
მაშინ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყრილობის დაახლოებით ერთი მეხუთედი იყვნენ, და საორგანიზაციო ჯგუფის წევრი დავით კიზირია ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა თანამედროვე ასამბლეაში იმავენაირი იქნება.
“ეს მოდელი აქედან ავიღეთ. მეტი პარტიებს არ ექნებათ, მაგრამ როგორც მონაწილეები იქნებიან”.
საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეის მიზნები
ასამბლეას საკუთარ ვებსაიტზე ხუთი ამოცანა აქვს გაწერილი:
· სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პატიმრების განთავისუფლება;
· ძლიერი საზოგადოება – ასამბლეის განვითარების მხარდაჭერა;
· ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მდგრადი ინსტიტუციური წინაპირობების შექმნა;
· ძალაუფლების ბალანსი და კონსტიტუციური მოდელები;
· საქართველოს განვითარების სტრატეგიული ხედვების ფორმირება.
დამფუძნებლები ამბობენ, რომ სურვილის მიხედვით წევრებს შეეძლებათ გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებზე მუშაობა. მოკლევადიანი მიზანია, მაგალითად, ახალი არჩევნების მიღწევა და უკანონო პატიმრების გათავისუფლება, ასევე ასამბლეის სახელით დასავლეთის ქვეყნებისთვის მიმართვა. გრძელვადიანი მიზანი კი უფრო სისტემურია: ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, სადაც, ნანა ამისულაშვილის თქმით, სწორედ დარგობრივი სამუშაო იქნება საჭირო.
სტრუქტურა
ასამბლეის ვებსაიტზე ჩანს მისი სტრუქტურაც. ის ორი დარბაზისგან შედგება – წარმომადგენლობითი ჯგუფებისა და რეგიონული ჯგუფების. მონაწილეობის პრინციპი ასეთია:
· ასკაციანი წარმომადგენლობითი ჯგუფი (მაგალითად, პროფესიული) ირჩევს სამ წარმომადგენელს;
· წარმომადგენლებს ასამბლეის ყრილობაზე აქვთ ერთი ხმა;
· ას ადამიანზე ნაკლებ ჯგუფებს აქვთ თათბირში მონაწილეობის უფლება, თუმცა ხმას ვერ მისცემენ.
ასამბლეის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი არჯევანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სულ 15 ჯგუფს აქვს ხმის მიცემის უფლება, მთლიანობაში კი ასამბლეა ახლა 52 ინდივიდს აერთიანებს. ასევე ჩამოყალიბებულია რეგიონული დარბაზის საერთო ჯგუფი, თუმცა ცალკეული რეგიონული წარმომადგენლობა ამჟამად მხოლოდ ქუთაისს ჰყავს, სამი წარმომადგენლით.
ჯგუფებში გაერთიანება ინტერესის, დარგის ან რეგიონის მიხედვით შეიძლება და ამისთვის ასამბლეას ონლაინ ფორმაც აქვს, სადაც ახლა რამდენიმე კატეგორიაა ჩამოწერილი – სტუდენტები, იურისტები, შშმ თემი, ექიმები, ემიგრანტები და ა.შ.
ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი მედია, კომუნიკაცია და საზოგადოებრივი ურთიერთობებია, რომლის სამი წარმომადგენლიდან ერთი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია. ყრილობის მსვლელობისას ის სიტყვით გამოვიდა:
“,”DefaultValue”:””,”HtmlEncode”:true,”Type”:”String”}], isMobile:true });
“ეს სიტყვა პირადად ჩემი იყო, აქ გზაში დავწერე და ვეცადე, საერთო სათქმელი ყოფილიყო.
[..] როდესაც ვიღაცა ცდილობს, რომ დაგყოს, პასუხია გაერთიანება. იმედი მაქვს, რომ კეთილსინდისიერ ძალისხმევას აუცილებლად შედეგი მოჰყვება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადაც ბევრი ადამიანია, გადაწყვეტილებების მიღება ჭირს, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე საკმაოდ კარგადაა გამოკვეთილი საკითხები, რაზეც საზოგადოებამ უნდა იმუშაოს საერთო ძალისხმევით…”
ყრილობას ესწრებოდა შშმ თემის დროებითი წარმომადგენელი, აქტივისტი ესმა გუმბერიძე; ის ამბობს, რომ ჯგუფის შიგნით არჩევნები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ასამბლეაში მონაწილეობს, რადგან ეს მისთვის პროტესტის ახალი სივრცეა, და სამომავლოდ, კონტროლის მექანიზმი.
“რომ შეიცვლება [ხელისუფლება], მუდმივად საჭირო იქნება ხელისუფლებაზე კონტროლი, მოთხოვნების წამოყენება და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი იქნება ასამბლეის როლი. ეს აქტივიზმი უნდა გასცდეს არასამთავრობო სექტორს”.
სამომავლო გეგმები
საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა შეკრებილებმა ჰიმნით დაასრულეს, შემდეგ წარმომადგენლობითი ჯგუფების წევრებმა ხელიც მოაწერეს მემორანდუმს. ყრილობა ერთ კვირაში ისევ გაიმართება, შეთანხმდება რეგლამენტზე და წამოაყენებს სამსჯელო საკითხებს, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში სამი სამუშაო შეხვედრისას უნდა შეათანხმოს.
დღევანდელი შეკრება დამფუძნებლებმა შემოწირულებებით დააფინანსეს. დავით კიზირია, რომელმაც თანხის შეგროვების კამპანია საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გააზიარა, ამბობს, რომ შემოწირულების ზედა ზღვარი 50 ლარი იყო და სულ 5000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჯერჯერობით ასამბლეა თვითდაფინანსებით აპირებს საქმიანობას – მოხალისეობრივად გაკეთდა მისი ვებსაიტიც.
პაატა ციკოლია, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა და ასამბლეის თანადამფუძნებელია, ამბობს, რომ გეგმავს საზოგადოებრივი ფონდის საკითხის დაყენებას.
“ვართ რამდენიმე ასეული ათასი და შეგვიძლია ყოველთვიურად შევინახოთ ფონდი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესები მიდიოდეს წინ. მაგრამ ეს პროექტი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როცა დავანახებთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ”.
სხვა დამფუძნებლების მსგავსად, ციკოლია იმედს გამოთქვამს, რომ ასამბლეა საზოგადოებრივ- პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვეთი იქნება, რაც პროტესტის კრიტიკული შემადგენელია და “პროცესს აკლია”.
“გვინდა, დავინახოთ პერსპექტივა, როგორ უნდა გამოვიდეთ აქედან, და ძალა, რომელიც დაგვპირდება, როგორ გავაკეთებთ ამას… მაგრამ ასეთი ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე შემოსვლას არ ჩქარობენ და ჩვენ გვინდა, რომ იჩქარონ”.
ასამბლეის ყრილობას ესწრებოდნენ პროტესტის რიგითი მონაწილეებიც, რომლებმაც დღევანდლის შესახებ სოციალური ქსელებიდან გაიგეს. ასეთია ნინი ხვედელიანიც, რომელიც რადიო თავისუფლებას ესაუბრა:
“იმ ადამიანების რიგში ვარ, ვინც სულ გარეთ დგას და ცოტა გაღიზიანებული ვარ მათზე, ვინც მიუხედავად იმისა, რომ პირობა დავდეთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, სახლში რჩება. იმედი მაქვს, ცოტა მეტი ორგანიზებულობით დაბრუნდება ის მუხტი, რაც საჭიროა”.
საერთო-საზოგადოებრივი ასამბლეის შემდეგი ყრილობა 15 თებერვლისთვის ჩაინიშნა.