“რიყის დოქების” გაყიდვის მთავარ მიზეზად ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა დამატებითი ინვესტორების მოზიდვა.
ღია განცხადება დღეს მედიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელმა “რიყის დოქები” შპს “რიყე დომს” მიჰყიდა.
“ჩემი ინიციატივით ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ.
