2024-ში საკმაოდ ბევრი სპორტული წარმატება იყო, რის გაგრძელებასაც ისევ ველით – ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლა… ერთ-ერთი მთავარი ხაზი ქართველი ლეგიონერების წარმატება იქნება. საახალწლო დღეებშიც ვხედავთ, NBA-ში გოგა ბითაძე როგორ “დაფრინავს”, კალათბურთელებისგან კი მორიგ ევრობასკეტს ვისურვებთ… რაც შეეხება ფეხბურთს, გიორგი მამარდაშვილმა ტრავმისგან განკურნების შემდეგ ჯერ “ვალენსიას” გადარჩენა უნდა სცადოს, შემდეგ კი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში, “ლივერპულში” ველით; “ნიუკასლის” წევრი ვახტანგ სალია გახდა; ტოპლიგებში ერთი ფეხბურთელი უკვე დაგვემატა და ბუდუ ზივზივაძე “ჰაიდენჰაიმის” მაისურით გაიტანს(ამის პირველი შანსი
11 იანვარს, “უნიონთან” იქნება, კონფერენს ლიგის პლეი-ოფში კი გიორგი გოჩოლეიშვილის “კოპენჰაგენს” შეხვდებიან). ველოდებით სხვების პროგრესსაც, ზაფხულში კი დიდი მიზნები, შეთავაზებები და გამოწვევები ხვიჩა კვარაცხელიას ექნება. განახლებული ხელშეკრულება და გამოსასყიდი თანხა (თუ ძალიან დიდი არ დასახელდა) ამ პროცესს დააჩქარებს. “ბარსელონა”? – რატომაც არა!..
2025 წლის პირველ შეხვედრასა და იტალიის ჩემპიონატის პირველი წრის უკანასკნელ მატჩს სერია “ა”-ს თანალიდერი “ნაპოლი” სტუმრად “ფიორენტინასთან” ჩაატარებს – შაბათს, 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე. ახლა ქვეყანაში სუპერთასის მატჩებია, სადაც შარშანდელისგან გასსხვავებით, არცერთი ეს გუნდი არ მონაწილეობს. ეს გარემოება ნეაპოლელებს ლიდერობის განმტკიცების შესაძლებლობასაც აძლევს.
ხვიჩა კვარაცხელია “იებს” უკვე ხუთჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. პირველ შეხვედრაში უგოლო ფრე (0:0) იყო, მეორეში ლოსანოს ნაცვლად ქართველი მინდორზე პირველივე ტაიმში შევიდა; ამის შემდეგ ზემოთხსენებული წაგება – “მარადონაზე” რუდი გარსიას გუნდმა სამი გოლი გაუშვა და მხოლოდ ერთი გაიტანა. ამის სრულფასოვანი რევანში (3:0) სუპერთასის ნახევარფინალში მაცარის მწვრთნელობისას შედგა, კალცონას დარიგებული გუნდისგან კი იმ “არტემიო ფრანკიზე”(43 147 მაყურებელი), სადაც გუნდებმა ახლა უნდა ითამაშონ, უხვგოლიანი ფრე (2:2) ვიხილეთ. იქ “კვარამ” ფლორენციელების კარი პირველად დალაშქრა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად. აქვე, ქართველი შემტევის მიმდინარე შედეგს შეგახსენებთ – 5 გოლი, 3 საგოლე პასი.
ანტონიო კონტეს მთავარი დანაკლისი ბონჯორნოა, რომლის სრუფასოვნად შეცვლა ჟესუსს გაუჭირდება. პოლიტანო თუ ნერეში – ეს მწვრთნელის დილემაა. თუკი “ფიორეს” სამეულისთვის ბრძოლა სურს, იქნებ ამისთვის ბოლო შანსიც იყოს.
ამ მატჩამდე (18:00 სთ) საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” “ვენეციას” ესტუმრება. შაბათი ქართველებით საკმაოდ დატვირთულია. გიორგი ჩაკვეტაძემ წელი საგოლე პასით დაიწყო, თუმცა გუნდს მაინც ვერ უშველა. ჩემპიონშიპის 26-ე ტურში “უოტფორდი” “შეფილდს” (19:00 სთ) დაუხვდება; ორივე ქართველი იასპარეზებს საფრანგეთის ლიგა 1-ში – ზურიკო დავითაშვილი “სენტ ეტიენი” “რეიმსს” (20:00 სთ) უმასპინძლებს, გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” კი – “მონპელიეს”(23:59 სთ). ქართველი თავდამსხმელი მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ.