ხვიჩა მომჯობინდა, პენალტების გამოკლებით ყველაზე მეტი გააქვს, ოსიმენს გოლი სწყურია… – მიქაუტაძე არ უნდა გავარდეს!..

“ნაპოლის” სერიოუზლი საფრთხე უდგას, გუნდი მომავალ სეზონში ევროტურნირებს მიღმა დარჩეს და თუკი აქ დარჩება, მისი მხოლოდ საშინაო ასპარეზზე ხილვა სამწუხარო იქნება. ჩემპიონატის დასრულებამდე 8 მატჩით ადრე, კალცონას გუნდი ბრძოლას აგრძელებს და კვირას, 7 აპრილს, თბილისის დროით კვლავ ადრე, 17:00 საათზე, “მონცას” “ბრიანტეოზე” (16 917 მაყურებელი) ესტუმრება.
“მონცას” ბოლო დროს წარმატებული მატჩები ჰქონდა, გავარდნის საფრთხე აღარ აქვს და ე.წ. უმოტივაციო გუნდების კატეგორიაშია. პალადინოს გუნდის მეკარე მიკელე დე გრიგორიო შესრულებული “სეივების” პროცენტული მაჩვენებლით (80%) მეორე ადგილზეა (ვინც 20 და მეტი
მატჩი ითამაშა). შედარებისთვის, ნეაპოლელთა კიპერ მერეტის მსგვას მონაცემში 65% აქვს.
“ნაპოლის” საშინელი სეზონი გამოსდის, მხოლოდ 45 ქულა. ამაზე ცუდად 2009-10 წლების შემდეგ არ გამოსულან, როცა ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულეს… და როგორ გამოიყურება ხვიჩა კვარაცხელია? ის წარდგენილია მარტის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, თებერვლის შემდეგ კი, პენალტებისგან გატანილი გოლების გამოკლებით, მასზე მეტჯერ მეტოქის კარი არავის დაულაშქრავს – 5.
“ნაპოლი”, ძირითადად, ხვიჩას გარეშე ემზადებოდა, ოსიმენს კი კარგა ხანია, არ გაუტანია…

ნეაპოლურ კლუბს “მონცასთან” ყოველთვის უჭირს. 1999-2000 წლებში 4 მატჩი გუნდებს თითო მოგება და ორი ფრე აქვთ, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში კი თითო მოგება და ერთი ფრე. კარგად გვემახსოვრება, სადებიუტო სეზონის მეორე ტურში “კვარამ” უახლოეს მოწინააღმდეგეს დუბლი შეუსრულა; იყო უკვე გაჩემპიონებული “ნაპოლის” მარცხი (0:2) მეორე წრეში, სადაც ქართველმა მეორე ტაიმში ითამაშა; ცოტა ხნის წინ, 29 დეკემბერს, უგოლო ფრე ნეაპოლში, კვარაცხელიას მეოთხე გაფრთხილება სეზონში და ამით გაბრაზებული მაცარის გაძევება…
ტრავმის შემდეგ ხვიჩამ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და მას აუცილებლად ველით, იქნება თუ არა სასტარტოში, ამას მისი მომზადება გადაწყვეტს.
“სასუოლოსთან” ჰეთ თრიკის შემდეგ, ვიქტორ ოსიმენს არ გაუტანია და ეს საქმე მოწყურებული ექნება. სირილ ნგონჟემ წინა ტურში ითამაშა, მაგრამ მას კუნთის ტრავმა კვლავ აწუხებს.
შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელმაც ნეაპოლელებს ბოლოს 11 თებერვალს, “მილანთან” (0:1) წაგებულ მატჩში მოემსახურა.
ესპანური “ლა ლიგა” შეისვენებს. კვირას ქართველების სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია, გასავარდნ ზონაში მყოფი, გიორგი მიქაუტაძის “მეცის” სტუმრობა “ბრესტთან” (15:00 სთ). “ჟორჟი” გუნდის თვის ფეხბურთელის ნომინანტია; თასზე წარმატებული ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმი” “ლასკს” უმასპინძლებს (16:30 სთ) ; პირველადგილოსანი ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას “აპოელი” თემურ ქეცბაიასა და თავად ქვილითაიას ყოფილ კლუბს, “ანორთოსისს” დაუხვდება (18:00 სთ); პოლონეთში ნიკა კვეკვეაკირის “ლეხი” “პოგონს” მიიღებს და სამეულში შესვლას ეცდება!..