ხვიჩა მაქაცარია და „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორი მდინარე ცხენისწყალზე ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის – „ცხენისწყალი 1 ჰესის“ აშენება იგეგმება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 22.48 მგვტ. იქნება, რაც გულისხმობს წელიწადში დაახლოებით 92.1 მლნ.კვტ.სთ ელ. ენერგიის დამატებით წარმოებას. 2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნული პროექტის მიერ გენერირებული ელ.ენერგია ეკვივალენტური იქნება ქვეყნის საშუალო წლიური იმპორტის 0.62%-ის.
ჰიდროელექტროსადგურის „ცხენისწყალი 1 ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება კომპანია შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ის მთავრობამ ჯერ კიდევ 2023 წელს მისცა. მიმდინარე წლის 14 მაისის მთავრობის განკარგულების მიხედვით კი კომპანიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცა. საუბარია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიარეში არსებულ 17 მიწის ნაკვეთზე, რომელთა სარგებლობაში გადაცემის წლიურ საფასურად 10 129 ლარი განისაზღვრა. ჰესის დასრულება 2027 წელს იგეგმება.
შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ 2021 წლის 25 მარტს არის რეგისტრირებული. საწარმოს 50% წილის მესაკუთრე, ამ კომპანიაზე ორი დღით ადრე დაფუძნებული, თითქმის იგივე დასახელების შპს „ჰაიდრო ინვესტია“, დანარჩენი 50% კი სომხეთის მოქალაქეებს, „სომხეთის ელექტროქსელების“ გენერალურ დირექტორ კარენ ჰარუტუნიანს და „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კარენ დარბინიანის შვილებს არა და აიკი დარბინიანებს ეკუთვნით.
რაც შეეხება შპს „ჰაიდრო ინვესტს“, მის 50%-იან წილს ხვიჩა მაქაცარია ფლობს, დანარჩენებს კი ილია ქუტიძე, მამუკა ტოგონიძე, დავითი ქუტიძე და რევაზ ქუტიძე ინაწილებენ.

ასევე დაგაინტერესებთ