ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავზე ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი და სატრანსფერო საკითხების ექსპერტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა, ლუის კამპოსმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა. „ნაპოლისა“ და პსჟ-ის პრეზიდენტებმა, აურელიო დე ლაურენტისმა და ნასერ ალ ხელაიფიმ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ფრანგულმა კლუბმა ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირაში ჩანიშნა“, – წერს რომანო სოციალურ ქსელში.
კვარაცხელია ფრანგულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს ოფციონის წესით (4+1) გააფორმებს, ანუ 4 წლის შემდეგ პსჟ-ის კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება ექნება. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას ტრანსფერში „ნაპოლის“ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, პლუს 10 მილიონს – ბონუსების სახით.
ეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. აქამდე რეკორდი სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გიორგი მამარდაშვილმა დაამყარა, რომლის ტრანსფერშიც „ლივერპულმა“ „ვალენსიას“ 35 მილიონი ევრო გადაუხადა.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს ბათუმის „დინამოდან“ ათი მილიონი ევროს საფასურად გადავიდა და 33-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს იტალიის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, თავად კი იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
1tv.ge