“ნაპოლი” მეორე წრეს იწყებს, 2024 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში “სალერნიტანას” უმასპინძლებს – შაბათს, 13 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზე და მიმდინარე სეზონში საშინელი საშინაო სტატისტიკის დადებითად შეცვლას ეცდება.
ვალტერ მაცარის გუნდი შოკიდან გამოსვლას ლამობს, ფილიპო ინძაგის ბიჭები კი “იუვენტუსთან” (1:2) ბოლო წუთებზე დრამატული მარცხის ემოციების ქვეშ არიან. არადა, ცოტა ხნის წინ იმავე ტურინელებთან ისინი თასზე (1:6) განადგურდნენ. სალერნოელები ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან და დასაკარგი არაფერი აქვთ.
წაგებები, გოლის ვერგატანა – ეს ნეაპოლელთა ბოლოდროინდელი ამბებია. გუნდი აფრიკის თასის გამო გვარიანად
დასუსტებულია (ოსიმენის და ანგისას არყოფნა). ამას ტრავმები და დისკვალიფიკაციები ემატება. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მე-9 ადგილზე არიან, თუმცა ტურს ხსნიან და გამარჯვების შემთხვევაში, მიმდინარე ცხრილში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლებენ. აფრიკის თასზე მოთამაშეები ინძაგისაც ჰყავს, მათ შორის, ბულაე დია. ტრავმირებულია თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების წევრი გრიგორის კასტანოსი.
ამ გუნდებმა პირველ წრეში 2023 წლის 4 ნოემბერს ითამაშეს და “ნაპოლიმ” რასპადორისა და ელმასის გოლებით (2:0) გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის პირველი შანსი იყო, რომელიმე იტალიურ კლუბს მეოთხედ დაპირისპირებოდა, თუმცა სალერნოელებთან გასული წლის იანვრის შეხვედრა მან გაციების გამო გამოტოვა. იმედია, ქართველი გარემარბი “პიპოს” გუნდთან “მშრალ” სერიას შეწყვეტს და შედეგიანი მოქმედება ექნება. 5 გოლი, 3 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი – ეს ჩვენებურის მიმდინარე მონაგარია.
შეხვედრას ლივიო მარტინელი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მთავარი მსაჯი ის 2023 წლის 21 მაისს იყო, როცა მათ საკუთარ მოედანზე “ინტერი” (3:1) დაამარცხეს; ხოლო მეოთხე არბიტრი – ცოტა ხნის წინ “ფროზინონესთან” თასზე (0:4) განადგურებისას.
ამ მატჩის პარალელურად, საბა საზონოვის “ტორინო” “ჯენოას” ესტუმრება, გიორგი კვერნაძის “ფროზინონე” კი “ატალანტას” ორშაბათს (23:45 სთ) ეწვევა.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს –
კვირას, 14 იანვარს, ჩვენი დროით 19:15 საათზე, გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “კადისს” ესტუმრება; ამავე დღეს, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძე “მეცს” “ტულუზასთან” საშინაო მატჩში დაუბრუნდება; უფრო ადრე, 16:00 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის “უოტფორდი” ქპრ-ს გასვლაზე შეხვდება.