ხვიჩას ფლანგზე პრობლემებია – შეუძლიათ გერმანელებს პსჟ-ს დასჯა?!

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის პირველი ეტაპი, ლიგის ფაზა, სრულდება. თუკი ზოგიერთი ტური სამ დღეზე გადანაწილებულიც კი ვნახეთ, ბოლო სათამაშო დღეს ყველა შეხვედრა ერთდროულად ჩატარდება – ოთხშაბათს, 29 იანვარს, 23:59 საათზე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – პირდაპირ მერვედფინალში სატურნირო ცხრილის პირველი რვა გუნდი გავა. რაც შეეხება 9-24 ადგილებს, ისინი ერთმანეთს 1/16 ფინალში შეხვდებიან და გამარჯვებულები მერვედფინალში ითამაშებენ; პლეი-ოფის შესახებ ყველა დეტალი 31 იანვარს გვეცოდინება.
ჩვენი მთავარი ინტერესი გერმანიისკენაა მიმართული, სადაც “მჰპარენაზე”(60 449 მაყურებელი) ერთმანეთს უშუალო კონკურენტები, “შტუტგარტი” და ს (პლეი-ოფამდე თამაშის
უფლება არ აქვს) პსჟ ხვდებიან. ფრე პარიზელებს შემდეგ ეტაპზე აუცილებლად გაიყვნს, გერმანელებს კი მოგება სჭირდებათ. თუკი “მანჩესტერ სიტი” და ზაგრების “დინამო” ვერ გაიმარჯვებენ, მაშინ როგორც პარიზელები, ასევე შტუტგარტელები, წაგების შემთხევაშიც შემდეგ ეტაპზე იქნებიან, რისი შანსიც, გვარდიოლას გუნდიდან გამომდინარე, ნაკლებია.
ასეა თუ ისე, “შტუტგარგს” დასაკარგი უფრო ცოტა აქვს და აუცილებლად მოსაგებად ითამაშებენ. შიდა ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე მყოფი გერმანელებისთვის იქნებ ეს სეზონის მატჩიც იყოს და თუკი პარიზელებს ზედმეტი თავდაჯერება ექნებათ, ეცდებიან, დასაჯონ.
პსჟ-ს მთავარი პრობლემა მარცხენა ფლანგს უკავშირდება. აქ ვერ იქნება “კვარა” და მცველ მენდეშს დისკვალიფიკაცია აქვს. მოსალოდნელია, ლუის ენრიკემ სამი მცველით ითამაშოს ან მეორე ვარიანტი აქვს. ბოლოს, როცა პორტუგალიელი არ იყო, ამ ადგილას მისი თამანმემალე ნევეში ვნახეთ(მანამდე 18 წლის ზაგე). ბოლო ტურში ზაირე-ემერი მარჯვენა მცველად ვნახეთ, რომელიც შეტევის დროს ნახევარმცველი ხდებოდა და შესაძლოა, ახლა რაღაც მსგავსი მარცხნივ იყოს. არ დაგვავიწყდეს, 20 წლის ნევეში ბრწყინვალე ფორმაშია. ჰაკიმი და მარკინიოსი ბრუნდებიან; ვიტინია, რუიზი და ლი სასტაროს კანდიდატები არიან; ფორვარდი რამოში ალბათ კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლებს და შემტევი სამეული დემბელე-დუე-ბარკოლა იქნება.
რაც შეეხება ჰიონესის “შტუტგარტს”, სახიფათო თავდამსხმელები ჰყავს(გუნდს ლიგაზე პარიზელებზე მეტი გოლიც აქვს). უნდავმა ლიგის ფაზის ეტაპზე “რეალის” კარი დალაშქრა, ახალგაზრდა ვოლტემადეც ძალიან შედეგიანია. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ზამთარში “ჰოფენჰაიმიდან” შეძენილ დანიელ მარჯვენაფლანგელ ლარსენს იმავე მიზეზით ვერ ათამაშებენ, როგორც კვარაცხელიას შემთხვევაშია. გერმანელებს ორი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც პსჟ-სთან დაპირისპირების საკმაო გამოცდილება გააჩნიათ – მეკარე ნუბელი “მონაკოში” თამაშობდა, ფრანგი ცენტრალური მცველი რუაუ კი “ტულუზაში”(ოღონდ, ახლა დისკვალიფიცირებულია).
ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი 43 წლის იტალიელი, დავიდე მასა იქნება, ლიგის ფაზის წინა ტურში “ატლეტიკოს” ფეხბურთელიც რომ გააძევა და “ლევერკუზენისაც”. მან 12 იანვარს სერია “ბ”-ში მოედანი ვადაზე ადრე “ბრეშას” ფორვარდ მონჩინის დაატოვებინა. მასა გასული წლის 24 ნოემბერს კვარაცხელიას “ნაპოლისა” და “რომას” შეხვედრას მოემსახურა.