ხვიჩა კვარაცხელიას ამბებით ქართველი გულშემატკივრები რამდენიმე წელია, აქტიურად ინტერესდებიან. როცა “კვარა” რუსეთში გამოდიოდა, საქართველოს ნაკრების ყოფილ მეკარე ნუკრი რევიშვილთან მასზე არაერთხელ გვისაუბრია. ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს ნუკრიმ გვითხრა, რომ ხვიჩას ამბიციურ ევროპულ კლუბში აუცილებლად ვიხილავდით და ყველაფერი ასეც მოხდა.
რევიშვილი მამუკა ჯუღელთან ერთად სამენეჯერო საქმიანობაშია ჩართული. მასთან არაერთი თემა დაგვიგროვდა და საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა. მათ შორისაა ბოლო დროის გახმაურებული ამბები – ჯუღელსა და ოსიმენს შორის არსებული დაძაბულობა თუ ის გამოხმაურება, რაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებასთან დაკავშირებით გურამ კაშიას გადაწყვეტილებას მოჰყვა.
აქვე დავაფიქსირებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანს პასუხის გაცემის საშუალება ექნება და მზად ვართ, მასთან ვრცელი ინტერვიუც დავგეგმოთ…
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის საუბარი ბლოკებად დავყავით და მონოლოგის სახით გთავაზობთ.
ზედმეტი ახსნა არ სჭირდება, თუ ხვიჩა კვარაცხელიამ გასული სეზონი რა დონეზე ჩაატარა. მას ახლაც აქვს 5 გოლი, საგოლე პასები, მოპოვებული პენალტები, თუმცა, ფაქტია, ყველაფერი ძველებურად არაა, ასე ვთქვათ, ხვიჩა აღარ “დაქრის”.
გამომწვევი მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს – გუნდში შეიცვალა მწვრთნელი, თანაც უკვე ორჯერ; არადა, ლუჩანო სპალეტიმ “კვარას” ზუსტი გასაღები მოუძებნა და ცდილობდა, მისთვის კომფორტული პოზიცია შეერჩია; გარდა ამისა, “ნაპოლი” ძველებურად ვერ თამაშობს და ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ ყველაფრის გამოძახილი შეიძლება იყოს კვარაცხელიას მომატებული გაფრთხილებებიც…
მგონია, რომ ხვიჩა გუნდურად უფრო გაზრდილია. გვახსოვს, სპალეტის ამ მიმართულებით ბევრი შენიშვნის მიცემა უწევდა. როცა კვარაცხელიას ეფექტურობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, სხვაა, როცა გუნდი ანგარიშს ხსნის და შემდეგ შემტევებს მეტი სივრცე რჩებათ და განსხვავებულია, როცა ზრუნვა გათანაბრებაზე გიწევს.
ნეაპოლელები დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებენ. ძველებურ ფორმაში არც ზელინსკი და ნახევარდაცვაა, რომელიც დაკარგულ ბურთს იოლად იბრუნებდა; წინა სეზონში ოსიმენი, ფაქტობრივად, ყველა საგოლე შანსს იყენებდა, რასაც მას თანაგუნდელები და ყველაზე მეტად, 77-ე ნომერი უქმნიდნენ, ახლა ასე არც ესაა…
დამაინც, ერთი გარდამტეხი თამაშია საჭირო, რაც “კვარას” რწმენას სრულად დაუბრუნებს და მას კიდევ უფრო კარგს ვიხილავთ. ხვიჩა საკუთარ თავზე მუდმივად მუშაობს. თუ ახლა რამდენიმე დარტყმა გაუცუდდა, ვარჯიშებზე ამას აუცილებლად დიდ ყურადღებას დაუთმობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ფორვარდის პოზიციიდან მშვენიერი გოლები გაიტანა…
ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს, ის ყველაფერს საქმით ამტკიცებს. მას ახლა არავითარი ხელშემშლელი ფაქტორი არ აქვს. ამხელა აღიარების შემდეგ მოლოდინები იზრდება და ეს ბუნებრივია… ზოგიერთი პირად ცხოვრებაში ცვლილებებზე რომ მიანიშნებს, შეუძლებელია, სიყვარულმა ხელი რამეს შეუშალოს. ის უფრო მოწადინებულია, გოლებს მეუღლეს უძღვნის…
საუბრობენ პირობებსა და სხვა გუნდში გადასვლაზეც – ფაქტია, კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ყველა ვისურვებდით და კარგი იქნება, ეს მის ხელფასზე თუ აისახება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩასთვის გასამრჯელო მთავარი არაა და ეს მის სათამაშო ხარისხზე არ მოქმედებს. რაც შეეხება ტრანსფერს – აუცილებლად გამოჩნდებიან გრანდები, რომლებიც მისით დაინტერესდებიან და საკუთარ პირობებსაც წამოაყენებენ…
“მადლობას ვუხდი ზეცას, რომ შენ შეგხვდი, ნეაპოლო!” – ფოტო “ნაპოლის” “ფეისბუქგვერდიდან”
კვარაცხელია ახლა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, უფრო რთული კი აქამდე მოსვლა იყო, რაც მასთან ერთად მამუკა ჯუღელმა ბრწყინვალედ განახორციელა. ის ახლაც ბევრს გააკეთებს, ხვიჩას კარიერა იდეალურად რომ წარიმართოს. ჩვენი ფეხბურთელები, იტალიის გარდა, საფრანგეთში (დავითაშვილი), უკრაინაში (აზაროვი) და სხვა ქვეყნებშიც არიან…
რაც შეეხება ოსიმენთან დაკავშირებულ ამბავს, მიმაჩნია, მამუკას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს იმით, რომ შესაძლოა, ნიგერიელი ფორვარდი ისეთ ჩემპიონატში წავიდეს, სადაც ვარსკვლავები გამოდიან.
ხვიჩა და ვიქტორი მეგობრები არიან. კვარაცხელიას, არა მგონია, გაუხარდეს ის, რაც ოსიმენმა საკუთარი ოჯახის წევრსა და უახლოეს ადამიანზე თქვა. მაინც გამოვრიცხავ, ფეხბურთელებს შორის ამან ურთიერთობა დაძაბოს…
ძალიან დამწყდა გული, როცა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ფიფას გამოკითხვაში მესამე ადგილზე გაჰყავს ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც, ალბათ, 50 წელია, არ გვყოლია.
გურამ კაშიას იდეალური შანსი ჰქონდა, ქართველი ფეხბურთელის პირველობა – ამ შემთხვევაში კვარაცხელიას – ისტორიული ამბავი დაეფიქსირებინა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არაობიექტური არ იქნებოდა. გურამის გადაწყვეტილება აუხსნელია. ამას ჩვენი სხვა კაპიტნები არ გააკეთებდნენ, მაგალითად კალაძე, კობიაშვილი თუ კანკავა…
წელს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის და ყველა უნდა გავერთიანდეთ!.. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგს აუცილებლად ვაჯობებთ და ფინალში ვითამაშებთ. ვისურვებდი, ტოპ-გუნდებში მეტი ჩვენებური გვყავდეს – მამარდაშვილი, ჩაკვეტაძე…
ივა გელაშვილი სერია “ბ”-ში შესანიშნავად თამაშობს და თავისუფლად შეუძლია, საქართველოს ნაკრებს გამოადგეს. ჯერჯერობით, ახალგაზრდებს ბევრი შანსი არ ეძლევათ…
“ფროზინონეში” ცდილობენ, გიორგი კვერნაძე სერია “ა”-ს მეტად შეეგუოს, ფიზიკურად გაძლიერდეს და ამის შემდეგ მეტი დრო მიეცემა. მინდა წარმატება ვუსურვო საბა გოგლიჩიძეს, რომელიც “ემპოლიში” ლევან მჭედლიძის დახმარებით მოხვდა…
როგორც იცით, მამუკა ჯუღელის დიდი სურვილია, სამეგრელოში მეტი საფეხბურთო აკადემია და კლუბი არსებობდეს. კარგია, რომ ფოთის “კოლხეთი” ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. გირჩევთ, დააკვირდეთ – “კოლხეთში” “გაგრადან” ახალგაზრდა ნახევარმცველი, 19 წლის საბა ზოიძე გადავიდა, სწრაფია, მებრძოლია, “საბურთალოს” შესანიშნავი გოლი გაუტანა… ლადო ჩიხლაძე, რომელიც “სამგურალიდან” გვახსოვს, ასევე ფოთში ითამაშებს.
საინტერესო ჩემპიონატის იმედი მაქვს!..
გადავიკითხე კომენტარები და ერთი დასკვნა გამიჩნდა- კომენტატორების ნაწილი, რომელსაც თავდაუზოგავად იძახის “პირველ ადილზე უნდა დაესახელებინა” ნამდვილად იმასაც ამბობენ რომ საქართველოში ეკონომიკური ბუმის და ოქროს ხანა დაგვიდგა, თანაც რუსი ტურისტების დიდი მოყვარულები არიან.
მოკლედ -უნდა წავიდეს კაშია? კი ბატონო,წავა, მაგრამ ამით რა? კვარაცხელია მესიზე უკეთესი ფეხბურთელი გახდება?
არ ვიცი რატომ იცავთ ასე თავგამოდებით კაშიას ან რომელ ობიექტურობაზე საუბრობთ? ისიც ვერ გაუგია ზოგს, რომ აქ საუბარი იყო მხოლოდ 2023 წლის საუკეთესოზე და არა ზოგადად საუკეთესოზე. 2023 წელს კი მესის ძალიან ბევრი სჯობდა. მათ შორის ხო კვარაც. სტატისტიკა ასეთია. ამერიკაში გადასვლის შემდეგ მხოლოდ 6 თამაში და ერთი გოლი აქვს. რომელ საუკეთესოობაზე და ობიექტურობაზე საუბრობთ. მბაპე, დებრუინი, ბელინგემი, ჰალანდი, ლაუტარო მარტინესი, ოსიმენი და კიდევ ძალიან ბევრია ვინც ობიექტურად შეიძლებოდა პირველ სამეულში დასახელებულიყო. რომელს სჯობდა 2023 წელს მესი? მითუმეტეს როდესაც ხარ კაპიტანი და შენი თანაგუნდელი შეგიძლია დაასახელო, რომელიც სერია ა-ს საუკეთესო გახდა მაგ წელს, მხარი უნდა დაუჭირო. ეს არამტო მისი მცარდაჭერაა, არამედ შენი ქვეყნისაც. იმ ქვეყნის, რომლის ნაკრების კაპიტანიც ხარ. ჯერ ერთი კარგი ჯესტი იქნებოდა კაპიტნისაგან. მერე მეორე გულიც ეგრე უნდა აძგერებოდა. ხოლო ობიექტურად თუ სურდათ მანდ მესი 20ეულშიც არ უნდა მომხდარიყო. ისევე როგორც კრიშტიანუ ვერ მოხვდა, რომელსაც 19 თამაშში 20 გოლი და 9 საგოლე პასი აქვს ნახევარ სეზონში. მაგრამ ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ხო მართალია 20ეულშიც რომ არ მოხვდა. რომ დაესახელებინა ვთქვათ ხვიჩა ვინ რას მოსთხოვდა? ან ვინმე იტყოდა რომ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი რატომ დაასახელეო? რახმანიმ რომ დაასახელა რა დაკნინდა მაგით? თუ ობიექტურობაზე საუბრობთ პირველ რიგში მესი არ უნდა ყოფილიყო იმ სამეულში და თუ სურვილებისამებრ მაშინ პირველ რიგში შენი გუნდის წევრისადმი უნდა გაგიჩნდეს სურვილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იყო მხოლოდ 2023 წლის საუკეთესოს დასახელება სადაც სტატისტიკით, მბაპეს, ჰალანდს, დებრუინს, ოსიმენს, ლაუტაროს ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ.