ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით, “დაიბრუნე ხმა” გაიმართება. როგორც ცნობილია, აქციაზე დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ხოლო ორგანიზატორები ისაუბრებენ ხედვაზე, როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
“2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!
უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია, რადგან არჩევნები არ იყო ფარული და თავისუფალი. ქართულმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ათასობით საქართველოს მოქალაქესთან და თავისუფალ მედიასთან ერთად გამოააშკარავეს არჩევნების გაყალბების სქემები და შეაგროვეს მტკიცებულებები. შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა საზოგადოებას ხვალ, 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს.
“ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს, ხვალ, 19:00 საათზე სამოქალაქო სექტორს აქვს დაანონსებული აქცია და შევუერთდეთ! ეს არის სულ მათი ძალა, ახლა აქ რამდენი პოლიციელიც დაგვყვება, სიმართლე გითხრათ დღევანდელ მსვლელობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, გავტესტეთ, ცესკოში არც მოხდა იყო ფაქტი, რამაც საქართველოს მოქალაქეების განწყობა აჩვენა, იმ ოქმთან დაკავშირებით, რომელსაც კალანდარიშვილმა ხელი მოაწერა”, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.