ხვალ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ.
ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავს და ევროკავშირისა და აშშ-ს ურთიერთობების შესახებაც იმსჯელებს. მინისტრები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის სირიაში, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ.
ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ კოალიციის წევრები ბრიუსელში გაემგზავრებიან და ადგილზე მოძალადე პოლიციელების მიერ ნაწამები ადამიანების ფოტო და ვიდეო მასალასაც ჩაიტანენ.
“კოალიცია ძლიერი საქართველო მიემგზავრება ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, იქ, სადაც გაიმართება ასამბლეა, სადაც მიიღებს მონაწილეობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ევროპარლამენტარები. მათ შორის, ჩვენ ვართ ალდეს წევრი პოლიტიკური ჯგუფი, სადაც ჩავიტანთ იმ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზარალებული ადამიანების ფოტო-ვიდეომასალას, ასევე წარვადგენთ ჩვენს მოთხოვნებს ახალი არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, – განაცხადა კუპრაძემ.
სხდომას ოცნების დელეგაციაც დაესწრება, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.