ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან.
პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“.
„ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“.
მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწოდებს „გირჩი – მეტი თავისუფლებაც“.
„დილიდან საღამომდე – პარლამენტთან“, – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლება“.
ხვალ საღამოს 5 საათზე კი სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზიცებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდება.
ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.
ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას სამშაბათს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე აპირებს. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭი ეყრება პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ანუ ვეტოს. მისი ჩაგდების შემთხვევაში კი კენჭს უყრიან უკვე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს. იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს, რუსულ კანონს მხარი მინიმუმ 76-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს, საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს.