“ხვალ, დილას, გაჩერებაზე რომ გახვალთ და ასეთ ადამიანებს დაინახავთ – მიდით, მიესალმეთ და სახელიც ჰკითხეთ” – შაყულაშვილი

მეცნიერი, თელ ავივის უნივერსიტეტის, ებრაისტიკის ევროპული ინსტიტიტუტის „პაიდეია“ და ოქსფორდის უნივერსიტეტის იშვიათ ებრაულ ენათა სკოლის კურსდამთავრებული, ბრიტანული Polonsky-ის პრიზიორი, ლაშა შაყულაშვილი:
შესვენებაზე ვარ გამოსული, ნოსტალგიაც მიტევს და ერთი ამბის გახსენება მინდა.
თბილისში რომ ვცხოვრობდი, უნივერსიტეტში და შემდეგ სამსახურშიც, ავტობუსით ერთი და იგივე გაჩერებიდან ვმგზავრობდი ხოლმე. გაჩერებაზეც ერთი და იგივე ხალხი მოდიოდა. ალბათ, ისინიც, ჩემსავით პეკინის პარალელურ ქუჩებზე ცხოვრობდნენ. დილას, ყველა, ერთ ადგილას და ერთ დროს მოვდიოდით. ტრანსპორტშიც ერთად ავდიოდით. ყველამ ვიცოდით – ვინ დაჯდებოდა და ვინ იდგებოდა, ვინ როდის და სად ჩადიოდა. წლები გადიოდა, მაგრამ არც გამარჯობა გვითქვამს და არც სახელი გვიკითხავს. აქაც, ისრაელში, დილაობით ერთი და იგივე ხალხი მხვდება. მე კი თბილისის ჩემს საკუთარ გაჩერებაზე და იმ ხალხზე მეფიქრება, ვინც დაუსწრებლად ვიცი – სად და როდის ჩავა.
ხვალ, დილას, გაჩერებაზე რომ გახვალთ და ასეთ ადამიანებს დაინახავთ – მიდით, მიესალმეთ და სახელიც ჰკითხეთ.