“ხვალ გვიპირებენ გამოსახლებას, ვრჩებით ღია ცის ქვეშ… ყველასგან ვითხოვ დახმარებას”, – ამის შესახებ მოქალაქე მაია კაკიაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში, ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტებში ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ღია ცის ქვეშ რჩება, სახემწიფოსგან არანაირი შეთავაზება არ მიუღია.
“დამრჩა 35 კვადრატი მხოლოდ, საიდანაც ხვალ მიპირებენ გამოსახლებას… გახლავართ ვეტერანი, სოციალურად დაუცველი… შეთავაზება დღემდე სახელმწიფოსგანა არაფერი მქონია, შესაბამისად, გამოსახლების შემდეგ ვრჩებით ღია ცის ქვეშ, – ამბობს მაია კაკიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ხვალ გამოსახლებას სწორედ მაია კაკიაშვილს უპირებს. შესბამისად, ის მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს: “ცოტნე დადიანის 259-ში ველოდები ყველას, ვისაც შეუძლია პროტესტის გამოხატვა”. აქტივისტები დადიანის ქუჩაზე დილის 9 საათიდან შეიკრიბებიან.
მანამდე კი, დღეს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ხატიაშვილების ოჯახის სახლიდან გამოსახლებას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. პოლიციას ადგილობრივი მოსახლეობა და აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ადგილზე 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტებიც.