ხვალვე, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენი ქვეყანა და ფერმერები მზად არ არიან. ევროპულ ბაზარს ხარისხის მაღალი სტანდარტები აქვს, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებთ – ვახტანგ ბეჟიტაშვილი
ევროპულ ბაზარს ხარისხის მაღალი სტანდარტები აქვს, რომელსაც ჩვენი ფერმერები ვერ აკმაყოფილებენ, – ამის შესახებ “ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღე ქართული პროდუქცია ძირითადად რუსეთის ბაზარზე იყიდება, რომელსაც ხარისხზე მაღალი მოთხოვნა არ აქვს.
“ევროპის ბაზარი მოწესრიგებული ბაზარია და ჩვენ ხვალვე, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ჩვენი ქვეყანა და ფერმერები მზად არ არიან, რომ ბაზრის გარკვეული ნაწილი დავიკავოთ და სრულფასოვნად შევიდეთ. ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ქვეყნის სოფლის მეურნეობა იმ ელემენტარულ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ, არათუ მოწესრიგებულ ექსპორტზე ვიფიქროთ.
ქართული საექსპორტო პროდუქციის ფასი გამომდინარეობს იმ ბაზრიდან, სადაც ტრადიციულად იყიდება. შესაბამისად, ჩვენი ძირითადი ბაზარი არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ხარისხზე მაღალი მოთხოვნა არ გააჩნია. ჩვენი პროდუქცია იყიდება იმ მინიმალური ფასით, თუ ვინმეს შეუძლია ამ ბაზარს შესთავაზოს. სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქცია არ შეედინება და ამ შემთხვევაში ჩვენი პროდუქცია გარკვეულწილად, ამ კუთხით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირი პროდუქციის გაგზავნა ხდება და ქართულ პროდუქციას მაინც და მაინც მაღალი ხარისხის ნიშა არ უკავია. პირიქით, ქართულ პროდუქციას მთელი რიგი მარკეტები არ იღებენ, რადგან რეპუტაციული სახელი ვერ დავიმკვიდრეთ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ არ არსებობს ბრენდირება და მოწესრიგებული ექსპორტი. ძირითადად ძალიან ბევრი წვრილი ექსპორტიორია, რომელსაც ერთჯერადი ინტერესი აქვთ – რაც შეიძლება მალე გაყიდონ.
რა მოჰყვება ამას და ეს ქვეყნის იმიჯზე და ექსპორტის დინამიკაზე აისახება თუ არა, არ ფიქრობენ. ეს ძალიან ხელშემშლელი ფაქტორია გრძელვადიან პერიოდში. სამომავლოდ ჩვენ, რომ ვიფიქროთ მოცულობების ზრდაზე და რუსეთის ბაზრის გარდა სხვა ბაზრებზე, ჩვენი პროდუქცია შეიზღუდება და კონკურენციას ვერ გაუწევს”, – აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
bp.ge
