ხე–ტყის უკანონო გაყიდვა – გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტმა ყალბი ხე-ტყის ბილეთი დაამზადა, რომლის გამოყენებითაც უკანონოდ მოიჭრა 5 კბმ მოცულობის ხე-ტყე.
“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის გარდაბანი-მარნეულის სატყეო უბნის სპეციალისტმა ყალბი ხე-ტყის ბილეთი დაამზადა, რომელიც არაუფლებამოსილ პირს გადასცა. აღნიშნული ყალბი დოკუმენტის საფუძველზე უკანონოდ მოიჭრა და ტყიდან გამოტანილია 5 კბმ მოცულობის ხე-ტყე. აღნიშნულმა ქმედებამ ტყის რესურსების არამიზნობრივი და არარაციონალური გამოყენება გამოიწვია. დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა, ჩადენილი პირადი მოტივით) წარედგინება. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურა, ანალოგიური დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით ინტენსიურ გამოძიებას აგრძელებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს