ხერტ იან კოოპმანი – ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს

ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანმა დღეს ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც კოოპმანმა განაცხადა, ევროკავშირს ქართველი ხალხი არ ჩამოშორებულა, რადგან ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 90 პროცენტამდეა, თუმცა მთავრობის პოლიტიკა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„პირველ რიგში, ჩვენ ყველანი ვამაყობდით, რომ ქვეყანა გასულ წელს კანდიდატი გახდა და აშკარაა, რომ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონითა და რიგი სხვა მოვლენებით, იგი ევროკავშირს დაშორდა. როდესაც ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 80-დან 90%-მდე რჩება. ამიტომ, საკითხი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. ცხრა ნაბიჯის შესახებ, რომელიც უნდა შესრულებულიყო. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“, – განაცხადა ხერტ იან კოოპმანმა.
კოოპმანმა აღნიშნა, რომ სიტუაციის გამოსწორების მიზნით გადამწყვეტი ფაქტორი „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაწვევა უნდა იყოს.
„ბუნებრივია, ჩვენ მკაფიოდ ვაგრძელებთ მითითებების გაცემას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს სიტუაციის გამოსასწორებლად და აშკარაა, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ფაქტორი „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაწვევა უნდა იყოს, რომელიც ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, ჩვენ ქართველი ხალხი არ მიგვიტოვებია, პირიქით, მაგრამ მთავრობის პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს. აღვნიშნავ, რომ მომავალ თვეში საქართველოში გაიმართება“, – აღნიშნა ხერტ იან კოოპმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა, ტრამპიც არ ხვდებათ