უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალაქ ნოვა კახოვკის ე.წ. დეპუტატთა საბჭოს თავმჯდომარე, მძიმედ დაჭრილი ვლადიმირ ლეონტიევი.
ცნობა მისი სიკვდილის შესახებ 1 ოქტომბერს, დღისით სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ. დილით სალდო იუწყებოდა, რომ ნოვა კახოვკის საბჭოს შენობაზე უკრაინული დრონებით დარტყმა იყო და მძიმედ დაჭრილი ლეონტიევი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
2025 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ ვლადიმირ ლეონტიევს დაუსწრებლად მიუსაჯა 15 წლით პატიმრობა. მას ბრალად ედებოდა ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავის მერის გატაცების ბრძანების გაცემა. ერთი წლით ადრე ლეონტიევი დაუსწრებლად გაასამართლეს და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ჟურნალისტის, ქალაქ ტავრიისკის მერისა და ნოვა კახოვკის საქალაქო საბჭოს მდივნისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით.
