აჭარის საკანონმდებლო ორგანო დღეს ხელჩართული ჩხუბის ადგილი იყო – ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ვითარება დარბაზში იმდენად დაიძაბა, რომ სხდომა რამდენჯერმე შეწყდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დეპუტატები ადგილობრივ ხელისუფლებას აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვაში ადანაშაულებდნენ. პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მალევე პირად შეურაცხყოფასა და ჩხუბში გადაიზარდა.
თავდაპირველად ერთმანეთს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და მმართველი პარტიის წარმომადგენელი დავით ბაციკაძე დაუპირისპირდნენ. ეტაპობრივად ჩხუბში სხვადასხვა ფორმით კიდევ რამდენიმე დეპუტატი ჩაერთო. დარბაზში მანდატურების შესვლის შემდეგ მათი განცალკევება მოხერხდა, თუმცა ამ მომენტში დეპუტატება ტაქტიკა შეცვალეს და ერთმანეთის მისამართით საგნების სროლა დიწყეს.
ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოხმაურება მოყვა თბილისში. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე პარტიის აჭარის ორგანიზაციის წევრებს სოლიდარობას უცხადებს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კონფლიქტი ოპოზიციური პარტიის პროვოცირებული იყო, თუმცა ნებისმიერი მწვავე საკითხის განხილვაც კი ეთიკის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.
რა რეაგირება მოჰყვება აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს ინციდენტის შესწავლის შემდეგ საბჭოს სადისციპლინო ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. მთავარი საკითხის, 2024 წლის ბიუჯეტის განხილვას საბჭოს წევრები 21 დეკემბრიდან დაუბრუნდებიან.