ფიზიკური დაპირისპირება დედაქალაქის ცენტრში. თვითმხილველმა “მთავარ არხს” მიაწოდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდება ერთ ადამიანს რამდენიმე აგრესიული მამაკაცი. დაპირისპირება ჯერ სიტყვიერი კამათით იწყება და შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადადის. ჩხუბი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინგ დევიდის კომპლექსის მახლობლად მოხდა და, ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტი დარღვევით დაპარკინგებული ავტომობილის გამო დაიწყო.
დაზარალებული, სავარაუდოდ, საევაკუაციო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც ავტომობილი საჯარიმო სადგურზე უნდა გადაეყვანა. თავდამსხმელები კი სავარაუდოდ ამ ავტომობილის მეპატრონე და მისი ახლობლები. თვითმხილველები ადასტურებენ, რომ კონფლიქტი ავტომობილის გადაყვანის მცდელობას მოყვა და იხსენებენ იმასაც, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია არ მოსულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა და სწორედ ამის გამო არ მისულა ადგილზე საპატრულო პოლიცია.




