ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე, მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში | მერია წერეთელზე

თბილისის მერია ამტკიცებს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადებზე არ იმოქმედებს და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.
“თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში”, – აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, ინსპექტირების აქტებით დადასტურდა სამუშაოების არ წარმოების შემთხვევები, გრაფიკთან ჩამორჩენა. “თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის” წერილით კი ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ. იხილეთ:
· სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ | მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა