დარგი სამცვლიანია და ძალიან გვიჭირს ხალხის დაკავება ამ ადგილებზე. ბევრი თანამშრომელი უცხოეთში წავიდა. თვეში დაახლოებით, 10-12 დღე მუშაობენ, ხელფასი კი დღეში 120-140 ლარი აქვთ, მაგრამ არ ჰყოფნით, – ამის შესახებ ,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დიდი პრობლემაა სადისტრიბუციო მანქანების ჯარიმები.
,,25-30 ათასის ჯარიმები მოუვიდათ ქარხნებს დისტრიბუციაში და ეს ძალიან საფიქრალი თემაა. პურს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული პირობები. პური დაბალფასიანი, პირველადი მოთხოვნის პროდუქტია და მოთხოვნისთანავე უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს. თან ჩვენთან სავაჭრო ქსელები არ არის მომზადებული იმისთვის, რომ ჰქონდეს მისაღები ბაქანი ცალკე, არ არის სამწუხაროდ ღამის მიღების საათები და ვაჯარიმოთ ჩვენ პურის მწარმოებელი, იმისთვის, რომ პურს აწვდის მაღაზიას, ეს ძალიან საკამათო თემაა”, – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.
როგორც მან აღნიშნა, ყველა შესაბამისმა უწყებამ, ხელი უნდა შეუწყონ პურის მწარმოებლებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ეს ჯარიმები პურის თვითღირებულებაზე არ აისახოს.
,,ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პურზე ფასი არ აიწიოს. ვეცდებით ასე გავაგრძელოთ, თუმცა უნდა გაიგოს გამგებმა ორგანიზაციებმა, რომლებიც გვემსახურებიან რომ პურ-პროდუქტებს უნდა ხელშეწყობა. ამ პროდუქტებს ყოველთვის ჰქონდა მიწოდების განსაკუთრებული წესები და ეს წესები ისევ უნდა მუშაობდეს”, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან”.