მერილენდის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის საერთო კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის ბრძანებების მისაცემად ყველაზე ეფექტურ ენად პოლონური დასახელდა.
“ჩვენს ექსპერიმენტში რამდენიმე მოულოდნელი და არც თუ ისე ადვილად შესამჩნევი შედეგი დაფიქსირდა. ინგლისურმა ენამ, AI-სთან კომუნიკაციის ეფექტურობის მხრივ 26-დან მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო პოლონურმა საუკეთესო შედეგი აჩვენა”, — წერენ კვლევის ავტორები.
მკვლევართა გუნდმა შეამოწმა, თუ რამდენად კარგად რეაგირებდა რამდენიმე ძირითადი AI ენის მოდელი 26 სხვადასხვა ენაზე გაცემულ იდენტურ ბრძანებებზე. მოდელებს შორის OpenAI, Google Gemini, Qwen, Llama და DeepSeek შედიოდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ პოლონურს დავალებების შესრულებისას საშუალოდ 88%-იანი სიზუსტის მაჩვენებელი ჰქონდა.
“როგორც ანალიზი აჩვენებს, პოლონური ხელოვნური ინტელექტისთვის ბრძანებების მიცემის თვალსაზრისით ყველაზე ზუსტი ენაა. საინტერესოა, რომ აქამდე იგი ერთ-ერთ ყველაზე რთულად სასწავლ ენად მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებისთვის იგი რთულია, მაგრამ არა AI-სთვის”, — წერია პოლონეთის საპატენტო სამსახურის განცხადებაში.
საინტერესოა, რომ პოლონურ ენაზე ინტერნეტში მონაცემები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ინგლისურად, მაგრამ როგორც ჩანს ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანობა მხოლოდ მონაცემების სიუხვეზე არ არის დამოკიდებული.
ხელოვნურ ინტელექტთან სასაუბროდ 10 ყველაზე გამოსადეგი ენის სია ასე გამოიყურება:
· პოლონური 88%
· ფრანგული 87%
· იტალიური 86%
· ესპანური 85%
· რუსული 84%
· ინგლისური 83.9%
· უკრაინული 83.5%
· პორტუგალიური 82%
· გერმანული 81%
· ნიდერლანდური 80%

				
								
								

