გლობალური ბანკები მომდევნო სამიდან ხუთ წელიწადში 200,000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავენ, რადგან ადამიანების მიერ შესრულებულ ამოცანებს ხელოვნური ინტელექტი (AI) შეასრულებს.
ინფორმაციას Bloomberg კომპანია BI-ის გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
BI-ის კვლევა კომპანიებს, Citigroup Inc.-ს, JPMorgan Chase & Co.-სა და Goldman Sachs Group Inc.-ს მოიცავს.
ბანკების IT და ტექნოლოგიურ განყოფილებათა ხელმძღვანელის გამოკითხვით დადგინდა, რომ სამუშაო ძალა, საშუალოდ, 3%-ით შემცირდება. ყველაზე მოწყვლადი ბექ-ოფისის, შუა ოფისისა და ოპერაციული განყოფილებების პერსონალია.
ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მომხმარებელთა მომსახურებაზე, სადაც ბოტები კლიენტების ფუნქციებს შეითავსებენ, ასევე, დავალებებზე, რომლებიც „იცოდე შენი კლიენტის“ პროცედურას უკავშირდება.
93-დან, დაახლოებით, მეოთხედი რესპონდენტი უფრო დიდ, პერსონალის 5%-დან 10%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.
ანგარიშში სექტორის ძირითადი ცვლილებებიც ხაზგასმულია, რაც ბანკების შემოსავლის ზრდას გამოიწვევს. კერძოდ, BI-ის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომუშავებული პროდუქტიულობის ზრდის შედეგად 2027 წელს ბანკების გადასახადებამდელი მოგება, დამატებით, 12-17%-ით გაიზრდება, რაც მათ 180 მლრდ დოლარს მოუტანს. ათიდან რვა რესპონდენტი მოელის, რომ გენერაციული AI პროდუქტიულობას გააუმჯობესებს და სამიდან ხუთ წელიწადში შემოსავალს 5%-ით ან მეტად გაზრდის.
ცნობისთვის: ივნისში Citigroup-მა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საბანკო ბიზნესში, სხვა ნებისმიერ სექტორთან შედარებით, ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ჩაანაცვლებს. კომპანიის მონაცემებით, საბანკო სექტორში სამუშაო ადგილების, დაახლოებით, 54%-ს ავტომატიზაციის მაღალი პოტენციალი აქვს.