„ხელმოწერები უნდა მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან… მოვაწერ ხელს რეფერენდუმზე. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა“, – ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს.
„მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია! და მე ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს, ხო? და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა იმაზე მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს, რეფერენდუმზე. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
და მეორე მთავარი საქმე, თქვენ ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვათ არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება. იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა კიდევ, როგორც მინიმუმი, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს.
მე ამ დროს იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები – იმიტომ, რომ ზოგიერთმა ვერ გაიგო ვინ არის მეგობარი და ვინ არის საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის – ჩვენი მეგობრები, ჩვენს გვერდით იქნებიან. შეიძლება ვიღაცები, ის ორჯონიკიძეები დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას, იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის და ეს არის ჩვენი მომავალი.
26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდით. მე ვარ თქვენ და თქვენ ხართ მე“, – ამბობს ზურაბიშვილი.