ხელისუფლების ცრუ დაპირება | ირკვევა, რომ თავდაცვა სამხედროებს კომუნალურების 50%-ს ბიუჯეტიდან არ უხდის

ხელისუფლების მორიგი ცრუ დაპირება – თავდაცვის კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებებით სამხედროებს კომუნალური გადასახადების 50 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს. ცვლილების მიზანი მოტივაციის გაზრდა იყო, თუმცა ირკვევა, რომ ეს ჩანაწერი, სულაც არ ნიშნავს იმას, რაც წერია.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჩვენს კითხვაზე პასუხის დასაბრუნებლად კონსულტაცია სამინისტროს იურისტებთან გაიარა. როგორც აღმოჩნდა თავდაცვის სამინისტროში ეს ჩანაწერი თავისებურად ესმით, ისინი კომუნალურების გადახდის ვალდებულებას არ იღებენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება თუ უწყებას ამის ფინანსური შესაძლებლობა ექნება.
თავდაცვის კოდექსი, მუხლი 32-ე პუნქტი მეცხრე:
სამხედრო მოსამსახურე იხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის/წყალარინების და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 50 პროცენტი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან − სამინისტროსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
სპეციალისტების განმარტებით, ეს ცვლილება პირდაპირ ავალდებულებს თავდაცვის უწყება, რომ კომუნალურების 50 პროცენტი სამინისტრომ უნდა დაფაროს.
ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი.