“ხელისუფლება ისეთ ფეთქებად პოტენციალს მიიღებს, „პარტიები“ და NGO-ები საერთოდ აღარ იქნება ყველაზე დიდი პრობლემა” – დათო გამცემლიძე

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
კვლავინდებურად ღრმად ვარ დარწმუნებული, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოს ყველა მმართველიდან ყველაზე უკეთ ქართულ სოციუმს, ქართულ საზოგადოებას იცნობდა ედუარდ შევარდნაძე. მახსოვს, ერთხელ განათლების მინისტრი თამაზ კვაჭანტირაძე შევიდა მასთან რეფორმის გეგმით, რომელიც პედაგოგიური კონტინგენტის შემცირებას ითვალისწინებდა. უარი მიიღო, ოღონდ შევარდნაძისთვის ჩვეულ სტილში: ვნახოთ….განვიხილოთ……შევისწავლოთ….მოვითათბიროთ……. გაჯანჯლების (სინამდვილეში უარის) რეალური მიზეზი შევარდნაძემ სხვა დროს თქვა „ჩუმად“. აღარ დავაკონკრეტებ რას ვგულისხმობ, რომ თქვა „ჩუმად“: „ეს სხვანაირი ქვეყანაა….არ უნდა მოხდეს გაბრაზებული, გამწარებული ხალხის დაგროვება აქ…….“
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თუ ხელისუფლებას მართლა აქვს გადაწყვეტილი, ამ ლამის 5 000 ადამიანს ეს კოლოსალური ჯარიმები გადაახდევინოს და ამიტომ დააყადაღა ფონდები, ეს ქართულ „სოციალურ ქსოვილში“ იმდენად რადიკალურ და სასტიკ ჩარევას ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი სასტიკად დასჯილი და გამწარებული ადამიანის სოციალური „მულტიპლიკაციით“ , ხელისუფლება ისეთ ფეთქებად პოტენციალს მიიღებს, „პარტიები“ და NGO-ები საერთოდ აღარ იქნება ყველაზე დიდი პრობლემა. იმედი ვიქონიოთ, ეს ყოველივე მხოლოდ PR-ია, ტექნოლოგიაა, აქტივიზმის კუპირებას ისახავს მიზნად დაშინებით და არავინ აპირებს მართლა ასეთი სასტიკი ზომების მიღებას: ქონებების დაყადაღებას, სახლებში „აღსრულების ბიუროს“ თანამშრომელთა მისევას და ა.შ. ყველა საქმეს ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება
საქართველო არ არის საფრანგეთი.
საუბედუროდ კი არა.
საბედნიეროდ.