“ხელისუფლება ისეთ სტატისტიკას დებს, რითაც კერძო სექტორს თვალებში ნაცარს აყრის”, – ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა, ია თაბაგარმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა და დასძინა, რომ ტურიზმის სტატისტიკა ისეა დათვლილი, როგორც ეს ხელისუფლებას აწყობს.
ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5 091 732 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით 9%-ია. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურებს, აქ წლიური ზრდა 4.2%-ია და 7.3 მლნ ადამიანს აჭარბებს. პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები თითქმის 80%-ით არის აღდგენილი.
„ერთი რამ ცხადია, ხელისუფლება ისეთ სტატისტიკას დებს, რითაც კერძო სექტორსაც და ინვესტორსაც თვალებში ნაცარს აყრის. არ ვიცით ის დეტალებით, თუ რა მიზნით ჩამოდიან [ტურისტები] და ვინ არიან. შეიძლება ტრანზიტული მგზავრები ჰყავთ დათვლილი. ეს იქნება ტრანზიტული მძღოლები, ტრაილერები, ნათესავებთან ჩამოსული ადამიანები. ასევე ემიგრანტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ასევე, ყველაზე საშიშად მეჩვენება რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობა ბევრს არ აქვს, თუმცა მათთვის ეს არის მეორე ქვეყანა, სადაც ისინი ცხოვრობენ, სადაც აქვთ ბიზნესი, მიდიან, მოდიან, შეუძლიათ ერთი წელი დარჩნენ.
სულ ვამბობ, ერთმა ხელისუფლებამ რუსეთს სავიზო რეჟიმი გაუუქმა, ხოლო მეორე ხელისუფლებამ ნება დართო, რომ მთელი წელი საქართველოდან გაუსვლელად დარჩნენ. ამიტომ, ეს ციფრები დათვლილია ისე, როგორც ეს ხელისუფლებას აწყობს“, – ამბობს ტურიზმის ანალიტიკოსი.
ია თაბაგარი სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ, როდესაც ტურიზმის სექტორში კრიზისი დგება, ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა არავის აქვს, გეგმა არ არსებობს თუ როგორ უნდა დაიძლიოს.