„ჭიათურიდან ბუნებრივი რესურსი არ გავა“, – ამის შესახებ BM.GE-სთან მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ დღეს, ჭიათურელმა მაღაროელებმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, მაღაროელებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს და ჭიათურის ბლოკირებაზე გადავიდნენ.
როგორც მიქაცაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და რაიმე ხელშესახები ცვლილებები არ მოხდა, მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ.
მისივე ცნობით, არა მხოლოდ გათავისუფლებული ადამიანები, არამედ მთელი ჭიათურა იბრძვის რეგიონის გადასარჩენად.
„კომუნიკაცია რომ არ შედგა ხელისუფლებასთან და მათ ჩვენთვის სასიკეთოდ და ხელშესახები არაფერი გააკეთეს, ამიტომ, დღეიდან მივმართეთ ამ ფორმას . მთელი ჭიათურა იბრძვის და აპროტესტებს.
დღევანდელი დღიდან, 30 მარტიდან გადავდივართ ჭიათურის საზღვრებზე. საპროტესტო აქცია აღარ იქნება ქალაქის ცენტრში. გადავდივართ ქალაქის უვადო ბლოკირებაზე, რომელიც გულისხმობს ჭიათურიდან ბუნებრივი რესურსის და რკინის, ჯართის და ა.შ არ გატანას“, – ამბობს ტარიელ მიქაცაძე.
ცნობისთვის: „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის “რადიკალური პროტესტი” დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.
14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანიმ“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების რეჟიმით გადახდისუუნარობის საქმის დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მოთხოვნის მიზანს წარმოადგენს კოლექტიური ხელშეკრულებიდან გასვლა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან თავის არიდება.
პროფკავშირებმა მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს „ჭიათურის მენეჯმენტ კომპანისა“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების განცხადება.
პროფკავშირების ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადება დაახარვეზა.
