ხელისუფლებამ სასწრაფო პოლიტიკური ზომები უნდა მიიღოს ცხინვალში უკანონოდ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად- სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ხელისუფლებამ სასწრაფო პოლიტიკური ზომები უნდა მიიღოს ცხინვალში უკანონოდ დაკავებული თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება სამხრეთ ოსეთის de facto რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის უკანონო დაკავების საქმეს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიყენოს სათანადო პოლიტიკური და დიპლომატიური ზომები მისი დროული გათავისუფლებისთვის. – განცხადებას თავად სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის de facto უსაფრთხოების სამსახურმა 22 დეკემბერს ღამით საკუთარ სახლში დააკავა ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯაშუშობის ბრალდებით, რომელიც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი მედიის ცნობით, თამარ მეარაყიშვილმა 22 დეკემბრის ღამეს მის ახლობლებს შეატყობინა, რომ მის ბინაში აივნიდან რამდენიმე უცნობი პირი შეიჭრა, ცოტა ხანში კი მისი საცხოვრებელი სახლი სამართალდამცავებით გაივსო. ამის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.
სამხრეთ ოსეთის de facto გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას”. მოგვიანებით, სამხრეთ ოსეთის de facto უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ თამარ მეარაყიშვილს მედია იყენებდა პროპაგანდისტული საქმიანობისთვის საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხარდასაჭერად.
თამარ მეარაყიშვილი ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდა ცხინვალის რეგიონში მისი უფლებების შეზღუდვის პრობლემაზე. მან de facto პრეზიდენტ ალან გაგლოევთან და de facto პარლამენტის თავმჯდომარე ალან მარგიევთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვა. ის ასევე ითხოვდა ადგილობრივი უწყებებიდან პასუხს, თუ რატომ არ აძლევდნენ წლების განმავლობაში ე.წ. ცხინვალის რეგიონის მოქალაქის პასპორტს და იმ საჭირო დოკუმენტებს (საშვს), რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის სჭირდებოდა.
თამარ მეარაყიშვილმა ასევე განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან აპირებდა შიმშილობის დაწყებას “ხელისუფლების თვითნებური მმართველობის, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის” წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. როგორც ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიამ ტელეგრამ-არხის საშუალებით განაცხადა, პროკურატურამ იმოქმედა წინმსწრებად, რათა თამარ მეარაყიშვილის პროტესტი ჩაეხშო, რასაც, სავარაუდოდ, მოქალაქეები მხარს დაუჭერდნენ.
ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ თამარ მეარაყიშვილის 2023 წლის პროტესტზეც, როდესაც ის მარტო გავიდა ქუჩაში პლაკატით “შეაჩერე კორუფცია”. მას ჩამოართვეს ტელეფონი და დაუხიეს პოსტერი.
თამარ მეარაყიშვილი წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ადგილობრივ უსაფრთხოების სამსახურებს ის ე.წ. “შავ სიაში” ჰყავდათ შეყვანილი და მასზე თვითნებურად და პოლიტიკური მოტივებით არ გაიცემოდა საჭირო დოკუმენტები. შესაბამისად. ბოლო 8 წლის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სრულ იზოლაციაში ცხოვრობდა.
თამარ მეარაყიშვილი de facto რეჟიმმა მსგავსი ბრალდებებით 2017 წელსაც დააკავა, როდესაც ის საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და 16 საათის განმავლობაში ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას, თითქოს იგი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობდა. de facto რეჟიმისთვის წლების განმავლობაში მიუღებელი იყო თამარ მეარაყიშვილის აქტიურობა სოციალურ ქსელებში და მედიაში, სადაც ის ადგილობრივი უწყებების კორუფციულ სქემებსა და გადაცდომებზე ლაპარაკობდა.
სწორედ ამ პროცესების დროს ჩამოართვეს თამარ მეარაყიშვილს ყველა ტიპის პირადი დოკუმენტაცია. თუმცა 5 წლის შემდეგ, 2022 წელს, de facto სასამართლომ აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული დევნა დაუსაბუთებელი იყო და საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, de facto რეჟიმი კვლავ იზოლაციაში ამყოფებდა თამარ მეარაყიშვილს და არ აძლევდა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტებს.
ბოლო თვეების განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი საუბრობდა, რომ მუდმივად უარს იღებდა გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების მიღებაზე ან შესაბამისი უწყებები ამ საკითხზე პასუხს არ სცემდნენ. ასევე, ქალაქ ცხინვალში მან დაიწყო საკუთარი მცირე ბიზნესი – ტანსაცმლის მაღაზია, რომლისთვისაც ტანსაცმელი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეჰქონდა. მას არაერთხელ შეექმნა ტვირთის შეტანის პრობლემა, ხოლო ბოლოს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ტანსაცმლის ტვირთი de facto უსაფრთხოების სამსახურმა ჩამოართვა.
ამ დრომდე უცნობია თამარ მეარაყიშვილის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი, ასევე უცნობია, ჰყავს თუ არა მას ადვოკატი. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს მის შვილს. ცხინვალის რეგიონში თამარ მეარაყიშვილს ჰყავს მშობლები, რომლებიც ახალგორში ცხოვრობენ.
სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ დევნა და შევიწროება, რომელიც 8 წლის წინ დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. მისი უფლებების სისტემური დარღვევა ოკუპაციით გამოწვეული უფლებრივი ბარიერების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება ამგვარ საქმეებს მეტი პასუხისმგებლობითა და პროაქტიული დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომებით პასუხობდეს. აშკარაა, რომ 8 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, რის შედეგადაც იგი ახლა გრძელვადიანი პატიმრობის რისკის ქვეშ იმყოფება.
წლებია თამარ მეარაყიშვილის ხმა ახალგორიდან პრაქტიკულად ერთადერთია, რომელიც ახალგორში არსებული ვითარების შესახებ დანარჩენ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის. იგი მუდმივად კრიტიკულად იყო განწყობილი ცხინვალის de facto ხელისუფლების მიმართ და ხშირად აჟღერებდა რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, ასევე მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაციას. ის ასევე აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიტიური ვალდებულებების არასათანადო შესრულების გამო.
ამასთანავე, რეგიონში დამოუკიდებელი ქართველი აქტივისტის მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იქ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დამაგრებისა და, ამავდროულად, ქართველ და ოს ხალხებს შორის ურთიერთობის და სოციალური დიალოგის მხარდაჭერისთვის. სწორედ ამ საქმიანობის გამო გახდა თამარ მეარაყიშვილი კიდევ ერთხელ უკანონო სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიმართოს ზომებს საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და ფიზიკური უსაფრთხოების დასაცავად და მისი დროული გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმი და გადადგმული ნაბიჯების შესახებ საზოგადოებას აცნობოს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი წლებია იცავს თამარ მეარაყიშვილის უფლებებსა და ინტერესებს. საქმესთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ ორგანიზაცია საზოგადოებას მომავალშიც რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ