ხელვაჩაურში, 33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 33 წლის ბესო ბოლქვაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავა. ერთ-ერთს ბრალად ედება ახალგაზრდა კაცის მკვლელობა, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა კაცმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ღამის საათებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, “წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ნაცნობი, 1992 წელს დაბადებული ბესო ბოლქვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მისსავე ავტომობილში მოკლა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მანქანა მდინარეში ჩააგორა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”.
მათივე ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ცნობილი იყო მეორე ბრალდებულისთვის, თუმცა, მან მომხდარის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინა.
4 ივნისს, გამოცემა „ბათუმელები“ წერდა, რომ მომხდარი, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
მათი ინფორმაციით, მოკლული ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან ტურისტებზე კატერს აქირავებდა.
მედიის ცნობით, ღამეს ის მდინარე ჭოროხის პირას მანქანაში ათენებდა:
„როგორც ინფორმირებული პირები „ბათუმელებს“ უყვებიან, ბესო ასე იმიტომ იქცეოდა, რომ კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავმისადგომი არავის დაეზიანებინა”.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საკუთარი კატერის გაქირავებით დაკავებულ ბესო ბოლქვაძეს დაახლოებით თვე-ნახევრის წინ დაუკავშირდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ვინაობა ცნობილია და წილის დათმობა მოსთხოვეს, ასევე მოსთხოვეს ის, რომ ბესო ბოლქვაძეს მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი სხვა კატერისთვის დაეთმო. “ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ბესო ბოლქვაძეს უარით გაუსტუმრებია. ინფორმირებული პირების ვარაუდით, მკვლელობა, შესაძლოა, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდეს“, – წერდა „ბათუმელები“.
ორივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფორუმი