გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ბევრი ბიზნესი თავს იკავებდეს პლატფორმა Freebusiness-ზე აზრის დაფიქსირებისგან, რისი მიზეზიც, შესაძლოა ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაა, რომელიც რატიშვილის თქმით, ფუნდამენტურად განსახილველი საკითხია. მისი თქმით, მეორე მოთხოვნას რაც შეეხება – აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას, მას ყველა ბიზნესი ხელს მოაწერს.
აღსანიშნავია, რომ 2400-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი Freebusiness-ის პლატფორმას უკვე შეუერთდა, რომელთა მთავარი მოთხოვნები ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებაა.
“აქ ორი სხვადასხვა მოთხოვნაა, ერთი არის აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება, რასაც დარწმუნებული ვარ, ყველა ხელს მოაწერს, მათ შორის იმათზეც, ვისაც აშკარა კრიმინალური ქმედება აქვს ჩადენილი ამ დემონსტრაციების დროს, ეს ჩვენ ვნახეთ, ვინაიდან მოხდა პოლიტიკური შეჯახება. თუ გვინდა დავამშვიდოთ ქვეყანა, ეს არის უპირობოდ სწორი ნაბიჯი, ყველა უნდა გამოვუშვათ. დიდი ხანია ეს მოთხოვნა საზოგადოების ყველა წრეში არსებობს, თუმცა მიუხედავად ამ მოთხოვნისა, ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს არ დგამს. აქვე მეორე მომენტია, თუ მომიტინგეების მხრიდან იყო სამართალდარღვევები, ყველამ ვნახეთ ხელისუფლების სპეცრაზმელების მხრიდან საშინელი კანონდარღვევა, მაგრამ ვერ ვნახეთ მეორე მხარეს სამართლის აღსრულების ვერცერთი ფაქტი. გამოდის, რომ ხელისუფლება შეგნებულად თუ რაღაც მიზნებით კიდევ უფრო ძაბავს მდგომარეობას და დისტანცირებას ახდენს მთელი საზოგადოებისგან.
რაც შეეხება ხელახალ არჩევნებს, ეს ძალიან რთული საკითხია და ეს მგონია ბიზნესმენების თავის შეკავების მიზეზი. ამ საკითხში გარკვევას პოლიტიკურად მეტ-ნაკლები გარკვეულობა სჭირდება. არჩევნების ხელახლა ჩატარების საკითხი იმდენად ფუნდამენტურად სამართლებრივად განსახილველი საკითხია თვით ჩემთვისაც, ვისაც მაქვს პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება და ასე მარტივი არ არის, რომ ხელი მოაწერინო, ბევრი ბიზნესი შეიძლება თავს იკავებდეს.” – ამბობს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი და კომპანია „მადამ დე“-ს დამფუძნებელი სანდრო რატიშვილი.