ხევსურული კოშკის აღდგენა – ევროკავშირი კვლავაც მზად არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტისთვის [„მოქალაქეთა მიერ ცისკარაულების კოშკის (ახიელი, საქართველო) რეაბილიტაცია“] ევროპის უმაღლესი ჯილდოს მინიჭება თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში საგანგებო ღონისძიებით აღინიშნა.
პროექტმა „ევროპა ნოსტრას“ პრესტიჟული ჯილდო [European Heritage Award / Europa Nostra Award 2024] 30 მაისს მიიღო, კერძოდ – „მოქალაქეთა ჩართულობისა და ცნობიერების ამაღლების“ კატეგორიაში. კონკურსის ერთ-ერთი თანადამფინანსებელია ევროკავშირის პროგრამა -„შემოქმედებითი ევროპა“.
„ევროკავშირი პატივს სცემს და ხელს უწყობს საქართველოს უნიკალურ კულტურას. კერძოდ, ევროკავშირი უზრუნველყოფს დაფინანსებას საქართველოს შემოქმედებითი დარგების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გააგრძელებს სვლას ევროკავშირისაკენ, რომ ერთ დღესაც საქართველოს არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდება და ჩვენ მის შენარჩუნებასა და დაფასებას მსგავსი პროექტებით გავაგრძელებთ“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, პრეზიდენტის სასახლეში 6 სექტემბერს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოშო აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები.
ევროკომისიამ და „ევროპა ნოსტრამ“ ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი 18 ქვეყნის 26 გამორჩეულ გამარჯვებულ პროექტს შორის დაასახელა. კონფლიქტურ რეგიონებში მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო ალიანსმა (ALIPH) პროექტი გრანტის სახით დააფინანსა.
„საქართველომ 157,290 დოლარი მიიღო, საიდანაც დაახლოებით 34,000 აშშ დოლარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციაში აქტიურად ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობას მოხმარდა“, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირის საელჩოს ცნობით, ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (International National Trusts Organisation (INTO), გაერთიანებული სამეფო), “რამპართან” (REMPART, საფრანგეთი) და ასოციაცია სიდლეცინის კოშკის (Ducal Tower in Siedlecin, პოლონეთი) მჭიდრო თანამშრომლობით და საერთაშორისო ფონდ “ალიფის” (ALIPH Foundation) ფინანსური მხარდაჭერით.
„მინდა, დიდი მადლობა ვუთხრათ ,,ევროპა ნოსტრას“ იმისთვის, რომ ასეთ ყურადღებას აქცევს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქართულ ძეგლებს… ძეგლთა დაცვა, ჩვენი ისტორიის ფონზე, სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რადგან ჩვენი იდენტობა ჩვენი ძეგლების დაცვაზე დგას“ – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 6 სექტემბერს გამართულ მიღებაზე.
კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა: ნინო კორძახია, ალექსანდრე ბახტაძე, მარინე მიზანდარი, სალომე ცისკარაული, მარი-ჟორჟ პაჟელ ბრუსი, კატრინ ლეონარდი და პრჟემისლავ ნოცუნი.
„ევროპა ნოსტრას“ კონკურსის ფარგლებში ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული პროექტი მიიღებს 2024 წლის სპეციალურ პრიზს -„საზოგადოების არჩევანი“ – 10,000 ევროს ოდენობით. ხმის მიცემა 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.
გამოიწერეთ

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”