ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 2.9%-ით შემცირდა – ხაჭაპურის ინდექსის მაჩვენებელი

მიმდინარე წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალება ღირებულება 2.9%-ით შემცირდა. ISET-ის კვლევის თანახმად, ივლისში ხაჭაპურის მომზადება 5.78 ლარი ჯდებოდა, წინა თვეს კი ფასი 6 ლარი იყო.
კვლევის მიხედვით, ივლისში ივნისთან შედარებით, ხაჭაპურის ინგრედიენტების ნაწილზე ფასები ზომიერად გაიზარდა: ფქვილი (+2.7%), რძე (+1.6%) და კარაქი (+0.7%). ნაწილზე კი შემცირდა: ყველი (-6.4%), კვერცხი (-4.3%), საფუარი (-1.9%).
„მიუხედავად იმისა, რომ ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში მცირედით შეიცვალა, მნიშვნელოვანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა კარაქზე (+18.9%), რძეზე (+18%), საფუარსა (+13.9%) და ფქვილზე (+4.8%)“, – აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, ISET-ის ცნობით, ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასი ყველაზე ძვირი თბილისში იყო.
„ხაჭაპურის მომზადების საშუალო ფასის გათვალისწინებით, თბილისი ამჟამად ყველაზე ძვირადღირებული ბაზარია, სადაც ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 6.34 ლარს შეადგენს, რაც 9.6%-ით აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
ამის საპირისპიროდ, ყველაზე ხელმისაწვდომი ლოკაცია ქუთაისია, სადაც ერთი ხაჭაპური 5.47 ლარი ღირს. ყველაზე ძვირ (თბილისი) და ყველაზე იაფ (ქუთაისი) ქალაქებს შორის 0.87 ლარის სხვაობა შეიძლება ტურისტული სეზონით აიხნას.
თბილისი ტურისტებისთვის პოპულარული ადგილია ზაფხულში, რაც ზრდის ფასებს, ხოლო იმერეთი (ქუთაისი) საქართველოს უმსხვილესი რძის მწარმოებელი რეგიონია, რაც იწვევს ფასების ვარდნას რძის წარმოების სეზონზე“, – ვკითხულობთ ISET-ის კვლევაში.
ინფორმაციისთვის, ხაჭაპურს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარული, იმერული, მეგრული და ფენოვანი ხაჭაპურის მირთმევისას, ფაქტობრივად, საქართველოს კულტურულ მემკვიდროებას ვაგემოვნებთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათია.
შეგახსენებთ, ხაჭაპურის ინდექსის მსგავსად, იტალიაში ითვლიან პიცის ინდექსს. პიცისა და ხაჭაპურის “ნათესაობაზე” BBC ჯერ კიდევ 2017 წელს წერდა.
ცნობისთვის, ხაჭაპურის და პიცის ინდექსები ბიგ მაკის ინდექსის ინსპირაციაა. ბიგ მაკის ინდექსი ვალუტის მსიყიდევლობითი უნარის გამარტივებულ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც მხოლოდ ერთი პროდუქტი მონაწილეობს. ბიგ მაკის ინდექსის გამოყენებით შესაძლებელია ვალუტებს შორის არსებული პირობითი დამოკიდებულებების განსაზღვრა. ბიგ მაკის ინდექსის გამოთვლის მეორე მეთოდიც არსებობს, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე შეფარდების მონაცემს ადარებს ბიგ მაკის ფასს. ბიგ მაკი მსოფლიოს მასშტაბით სტანდარტიზებული პროდუქტია, ის 121 ქვეყანაში 35 000-ზე მეტ McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორანში იყიდება. თუმცა არსებობს გამონაკლისიც – ინდოეთში რელიგიური მიზეზების გამო ბიგ მაკი არ იყიდება, ამიტომ ინდექსის გამოთვლისას იყენებენ ფრინველის ბურგერს მაჰარაჯა მაკს. The Economist-ი ბიგ მაკის ინდექსს 1986 წლიდან აქვეყნებს.
იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ქართულ ხაჭაპურზე, იკითხეთ კომერსანტი
https://commersant.ge/news/search?phrase=%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%A0